ევროკავშირი ბელორუსის წინააღმდეგ სანქციებს 4 თვით შეაჩერებს

ევროკავშირი ბელორუსის წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს 4 თვით შეაჩერებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. უწყების წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბელორუსში "დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობის მიზნით" მიიღო.

ევროკავშირმა ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები 2010 წლის დეკემბერში დააწესა. შემზღუდავი ზომების მიხედვით, შავ სიაში მოხვედრილ, ბელორუსის 150 მოქალაქეს ევროკავშირში ჩასვლა აეკრძალა, მათი ფინანსური აქტივები ევროპულ ბანკებში კი გაყინეს. შავ სიაში პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც მოხვდა. სანქციები ასევე, შეიარაღების, ემბარგოსა და ბელორუსის პოლიციისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს.