სოზარ სუბარი დევნილებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ბინის საკითხის გადაწყვეტას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილებს მოუწოდებს, ნუ ენდობიან ადამიანებს, რომლებიც ბინის საკითხის გადაწყვეტას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ.

როგორც სუბარმა დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა როგორც კი გამოაცხადა თბილისის ზღვაზე დევნილებისთვის ბინების შესყიდვის შესახებ, მეორე დღესვე გააქტიურდნენ თაღლითური ჯგუფები, რომლებმაც ბინების "გაყიდვა" დაიწყეს. მინისტრის ინფორმაციით, ორი ასეთი ჯგუფი უკვე გამოვლენილი და დაკავებულია. სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინა დაჯგუფება, როდესაც მაგალითად რომელიმე სახელმწიფო მოხელე დევნილს ეხმარება არასწორად სოციალური ჯგუფის მიღებაში ან ექიმი - ინვალიდობის სტატუსის მიღებაში, თუმცა კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია.

"ჰუალინგ ჯგუფის" მიერ აშენებულ ოლიმპიურ სოფელში 630 დევნილი მიიღებს ბინას, მათ შორის, 330 – წელს, 300 – მომავალ წელს. კომისიას დაახლოებით ორი კვირის წინ უნდა დაემთავრებინა მუშაობა და დაამთავრა კიდეც, მაგრამ დღემდე დარჩა გარკვეული საკითხი გადასაწყვეტი. მაგალითად, ყოველთვის არის ადამიანი, რომელზეც არსებობს ეჭვი, რომ საბუთებში არ ჩანს, მაგრამ მას შეიძლება ჰქონდეს სადღაც ბინა, ვიღაცაზე გადაფორმებული. შემოწმება ყოველთვის არ არის ადვილი. შეცდომა რომ გაგვეპაროს, ეს იწვევს მღელვარებას იმ დევნილებში, რომლებიც ამ ადამიანს იცნობენ და ჩვენგან განსხვავებით კარგად იციან, რომ მას აქვს საკუთრება. მერე იწყება საუბარი, რომ ვისაც საკუთრება აქვს, იმან მიიღო ბინა და ვისაც არ აქვს, კვლავ უქონელი დარჩა. იმის თქმა, რომ ჩვენ ყოველთვის, 100%-ით შევძლებთ გადამოწმებას, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მაქსიმალურად სიფრთხილეს ვიჩენთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა ყველა დევნილს მოუწოდა, თუ ვინმე ეტყვის, რომ ფულით "გაუკეთებს ბინას", ნუ ენდობიან და დევნილთა სამინისტროს, შსს-ს ან პროკურატურას მიმართონ.