"საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა"

საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის სამინისტროს სამწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. "დღეს წარვადგინეთ სამწლიანი მუშაობის შედეგები. რა პროექტები იქნა განხორციელებული, მათი მიმდინარეობა და რა იგეგმება სამომავლოდ. მე თავს შევიკავებდი შეფასებებისგან, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით ენერგეტიკის დარგში. ეს მედიამ, ექსპერტებმა, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს. თუმცა მე ამაყი ვარ, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაა დაწყებული. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ენერგეტიკის დარგში ასეთი აღმავლობა, ასეთი ინვესტიციები არ ყოფილა და ეს რა თქმა უნდა, მისასალმებელია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რადგან ამ დარგს გააჩნია მეტი შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდეს და ახალი პროექტები განხორციელდეს. "ეს ყველაფერი ნიშნავს ეკონომიკის გაძლიერებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ძლიერი ენერგეტიკა პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ეკონომიკას. ძლიერი ეკონომიკა კი ძლიერი ქვეყანაა", - განაცხადა კალაძემ.

სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას სტუდენტები, პროფესორები, მინისტრთა კაბინეტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.