ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები ზამთარს გაზიფიცირებული შეხვდებიან

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები ზამთარს გაზიფიცირებული შეხვდებიან, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომელიც მათი აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიას აცნობს.

მისივე განმარტებით, მთავრობა აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთა დახმარების ალტერნატიულ შესაძლებლობასაც განიხილავს იმ შემთხვევისთვის, თუ გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრება. "წელს სახელმწიფოს დაგეგმილი აქვს, რომ დაასრულოს ყველა სოფლის გაზიფიცირება, მოსახლეობის სახლში შეიყვანოს გაზი, რაც უპრეცენდენტოა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ოჯახებისთვის. რა თქმა უნდა, თუკი ეს სადმე ვერ მოესწრება, მთავრობა განიხილავს მოსახლეობის დახმარების ალტერნატიულ შესაძლებლობასაც. ამ ეტაპზე 36 სოფელში დასრულებულია გაზიფიცირება. 16 სოფელში სამუშაოები სრულდება, 8 სოფელში კი ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა გვჭირდება, თუმცა გეგმაში არის, რომ ჩვენ ზამთარს გაზიფიცირებული სოფლებით უნდა შევხვდეთ"', - განაცხადა ციხელაშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ არსებული მთავრობის პირობებში, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები ყოველწლიურად შეშის შესაძენად 200-ლარიან ვაუჩერს იღებდნენ.