ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობის რეაბილიტაციის შემდეგ დევნილებს ბინები გადაეცემათ

ისანში მდებარე ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც ბინები დევნილებს გადაეცემათ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, დაგეგმილია ბინების 160 დევნილი ოჯახისთვის გადაცემა, თუმცა სუბარის თქმით, შენობაში შეჭრილი ადამიანების მიზეზით ვერ ხერხდება რეაბილიტაციის დაწყება.

"ისანში მდებარე ყოფილი სამხედრო ჰოსპიტალის შენობა უკვე გადმოცემულია ჩვენი სამინისტროსთვის. არსებობს მისი რეაბილიტაციის პროექტიც - 160-მა დევნილმა უნდა მიიღონ ბინა. ჩატარებულია ტენდერი, გამოვლენილია კომპანია, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ იწყებს მუშაობას, რომ იქ ადამიანები არიან შეჭრილნი. მათგან ნაწილი სოციალურად დაუცველია და მათ, ვინც თბილისიდანაა, თბილისის მერია დედაქალაქშივე გადასცემს ბინას, მაგრამ ვინც რაიონიდანაა ჩამოსული და მოუნდა თბილისში ბინის შოვნა მაშინ, როცა რაიონში ზოგს ორი და ზოგს სამსართულიანი სახლი აქვს, ის ბინას ვერ მიიღებს. ვინც მართლა სოციალურად დაუცველია, მართლა უბინაო, მათ საკუთარ რაიონებში მისცემენ ბინებს, მაგრამ არა თბილისში. არასწორია, როცა დევნილი ვერ იღებს ბინას იმის გამო, რომ ვიღაცას თბილისში ცხოვრება მოუნდა, ჩამოვიდა და სადღაც შეიჭრა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.