იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ 2015 წლის იანვარ-სექტემბერის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7312 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1645 მლნ აშშ დოლარი იყო (24 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5667 მლნ აშშ დოლარი (9 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-სექტემბერში 4023 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოქვეყნდება.