რაჭა-ლეჩხუმში უკვე დაიკრიფა და 400 ტონამდე ყურძენი გადამუშავდა

დღეის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 400 ტონამდე ყურძენი, - ამის შესახებ ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი შეფერხების გარეშე გრძელდება. "13 ოქტომბრის 13:00 საათის მონაცემებით, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში უკვე დაიკრიფა და გადამუშავდა 400 ტონამდე ყურძენი, მათ შორის, ალექსანდროული და მუჯურეთული 392 ტონა. დღეს დილიდან უკვე ჩაბარდა 40 ტონამდე ყურძენი სულ რაჭაში ყურძენი ღვინის კომპანიებს 900-მდე ადგილობრივმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 2 მლნ ლარს მიაღწია. ბოლო დღეებში რამდენიმედღიანმა წვიმებმა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველი დროებით შეაფერხა, თუმცა ამინდების გამოსვლისთანავე, ყურძნის კრეფა უფრო აქტიურად გაგრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორ ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. მიუხედავად წვიმებისა, კერძო კომპანიებთან ერთად სახელმწიფო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოსახლეობისგან ყურძენს 6 პუნქტში იბარებს, რომლებიც 08.00 საათიდან 19.00 საათამდე მუშაობს. რაჭაში რთველის პროცესში ჩართვის მიზნით დარეგისტრირებულია 13 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია. "ისევე როგორც კახეთში შესრულდა დანაპირები და მოსახლეობას არ შექმნია ყურძნის დაბინავების პრობლემა, სახელმწიფო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ასევე გადაამუშავებს ყველა იმ ჭარბ ყურძენს, რომელსაც კერძო კომპანიები ვერ შეისყიდიან. კახეთის მსგავსად, არც რაჭველ მევენახეს დარჩება ყურძენი ჩაუბარებელი. ფასების შესახებ დანაპირებიც რჩება ძალაში: სახელმწიფო 1 კგ კონდიციური მუჯურეთულსა და ალექსანდროულში გადაიხდის - 5 ლარს, არაკონდიციურში, რომლის შაქრიანობაც 21 გრადუსზე ნაკლები იქნება - 3 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენ ყურძენში, ძელშავსა და შერეულ ჯიშებში - 70 თეთრს", - ნათქვამია განცხადებაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთში რთველი კი დასასრულს მიუახლოვდა, სადაც 133 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებელი. მოსახლეობის შემოსავლებმა აქ 90 მლნ ლარს გადააჭარბა. კახეთში ყურძენი ღვინის კომპანიებს 16 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი - 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტსაიტი - www.rtveli2015.gov.ge.