ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია

ბინების დაქირავება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით განახევრებულია.

ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე, ხალხს დაბალფასიანი ბინის დაქირავებიც კი უჭირს.

უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, ბინებზე ფასები 100-150 ლარით გაძვირდა, რამაც დაქირავებაზე მოთხოვნა კიდევ უფრო შეამცირა. როგორც saqme.ge-ს რედაქტორმა, ლელა არაბულმა, bpn-ს განუცხადა, 350-400 ლარად ბინის დაქირავება გარეუბანშიც კი გაჭირდა. ”შარშან ვარკეთილში 250 ლარად ნორმალურ ბინას იქირავებდი. წელს ეს ფასი თითქმის გაორმაგებულია. მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა იმდენად გაუუარესდა, რომ 300-400 ლარზე მეტის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ძვირად ღირებული ბინების დიდი ნაწილი ისევ გასაქირავებელია. შარშან ერთი კვირის განმავლობაში საიტზე განთვსებულ განცხადებებს გაზეთში აღარ ვაქვეყნებდით, რადგან მათი უმრავლესობა გაქირავებული იყო, წელს ეს ტენდენცია აღარ შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ უცხოურ ვალუტაში ბინის დაქირავებას ხალხი თავს არიდებს. საბურთალოზე ერთოთახიანი კეთილმოწყობილი ბინის ფასი 250 დოლარიდან 300 დოლარამდე მერყეობს”, - აღნიშნა ლელა არაბულმა.

დაქირავების მსურველთა შემცირებაზე საუბრობს ნურა ჩუთლაშვილიც, რომელიც ორი თვეა უშედეგოდ ელის საბურთალოზე ბინის დაქირავების მსურველს. ”ასეთი რამ არ მახსოვს, მოდიან ბინას ნახულობენ და უკან მიდიან. გასულ წლებში 230 დოლარად ვაქირავებდი.სტუდენტები ქირაობდნენ ხოლმე, მაგრამ ახლა ამხელა ფასს ვეღარ უმკლავდებიან“.

უძრავი ქონების სააგენტოებში ამბობენ, რომ საკმაოდ კარგად მუშაობს ბინების ერთი დღით გაქირავების სერვისი. ბინების ფასი ერთი დღით გარეუბანში 35-70 ლარია, ცენტრალურ უბნებში კი ფასი 40 დოლარიდან 70 დოლარამდე მერყეობს.

თიკო გურაშვილი