ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტების უფასო სამედიცინო მომსახურებაზე 7 მილიონზე მეტი დაიხარჯა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ამის შესახებ ციხელაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა იმისათვის, რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პაციენტებისთვის გაგვეწია უფასო სამედიცინო მომსახურება. ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს. როგორც წესი, ჩვენ პაციენტების ვინაობას არ ვასაჯაროებთ და არც გავასაჯაროებთ, მაგრამ მინდა დინამიკის თაობაზე მოგახსენოთ.  წლების განმავლობაში ეს დინამიკა მნიშვნელოვნად იზრდება ორივე რეგიონიდან. ფაქტობრივად ცხინვალის რეგიონიდან შემიძლია თამამად გითხრათ, რომ გაოთხმაგებულია იმ პაციენტთა რიცხვი, რომლებიც მიუხედავად ბარიკადებისა, რომელიც აღმართულია ცხინვალის რეგიონის გარშემო, ისინი ახერხებენ ჩამოსვლას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ძირითადად თბილისში", -განაცხადა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, წლევანდელი სტატისტიკის მიხედვით, ასეთი არის 1 110-ზე მეტი ადამიანი ორივე რეგიონიდან, რომელიც უკვე აღემატება ძალიან მნიშვნელოვნად წინა წლების მონაცემებს. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ასევე აღსანიშნავია ის, რომ ც ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა ხელმისაწვდომია ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვისაც.  "საკმაოდ ბევრი მსურველია, ვინც ცდილობს ამ პროგრამაში ჩართვას ოკუპირებული ტერიტორიებიდან", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.