ოთარ დანელიას ინფორმაციით, კახეთში 133 000 ტონაზე მეტი ყურძენია ჩაბარებული

პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, როგორც ჩატარდა რთველი კახეთში და როგორ მიმდინარეობს რაჭაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას მიმართა და ანგარიშის წარმოდგენა სთხოვა. როგორც დანელიამ განაცხადა, კახეთში შტაბი რამდენიმე დღეში დაიხურება. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის 133 000 ტონაზე მეტი ყურძენია ჩაბარებული.  "ეს არის რეკორდული მაჩვენებელი. 91 მილიონ ლარზე მეტია ჯერ, ჩვენი ინფორმაციით, შემოსული. ეს არის საკმაოდ კარგი ციფრი", - განაცხადა დანელიამ.

რაც შეეხება რაჭას, მინისტრის ინფორმაციით, რაჭაში შტაბი გასული კვირის ორშაბათს გაიხსნა, დაიწყო ყურძნის ჩაბარება და ამ ეტაპზე უკვე ჩაბარებულია 400 ტონაზე მეტი ყურძენი. "საშუალო ფასი ყურძნის არის 5 ლარი. იყო უფრო ცუდი მოლოდინი, 2-3 ლარის ფარგლებში ვარაუდები, თუმცა მოსახლეობის საკეთილდღეოდ ისევ 5 ლარია საშუალო ფასი", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.