მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის დიდი პარტია აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, "ბათუმის პორტის" ტერიტორიაზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტის დიდი პარტია აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული ორი სატვირთო ავტომანქანა შეეცადა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას საბორნე გზით. ავტომანქანებს მართავდნენ სომხეთის მოქალაქე ხ.ა. და საფრანგეთის მოქალაქე ს.ხ.. მათივე ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ეჭვის საფუძველზე ავტომანქანების შემოწმების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული საქონელი - სიგარეტები ქართული აქციზური მარკირების გარეშე, რომლებიც სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, ავტომანქანის კედლებსა და ჭერში იყო მოთავსებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ერთი ავტომანქანის სამალავში აღმოჩენილი სიგარეტების რაოდენობამ შეადგინა 31 025 კოლოფი (საბაჟო ღირებულება 18629,03 ლარი), ხოლო მეორეში - 27 078 კოლოფი (საბაჟო ღირებულება 17232,9 ლარი).

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს.