„ფოლქსვაგენი“ მომხმარებლის ნდობის დაბრუნებას ახალი რეკლამით ცდილობს

„ფოლქსვაგენმა“ ბრენდის რეპუტაციის გადარჩენის მიზნით ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო.

„ჩვენ ჩვენი ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი დავაზიანეთ - თქვენი ნდობა“, - ასე იწყება გერმანული ავტოკონცერნის ახალი რეკლამის ტექსტი, რომელიც ბეჭდურ მედიაში გამოჩნდა.

„ფოლქსვაგენის“ ახალი რეკლამა გერმანული მედიასაშუალებების გარდა, ბრიტანული გამოცემების უმრავლესობაშიც გამოჩნდა. რეკლამის ტექსტით კომპანია კიდევ ერთხელ ცდილობს მომხმარებლის დარწმუნებას და აცხადებს, რომ ბრენდი აუცილებლად დაიბრუნებს მათ ნდობას, საქმით და არა - სიტყვებით.

Brand Index-ის თანახმად, „ფოლქსვაგენის“ საერთო ინდექსი, რომელიც ბრენდის რეპუტაციას, ფასეულობასა და მომხმარებლის კმაყოფილებას აფასებას, ბოლო თვის განმავლობაში 32 ქულით დაეცა, რის შედეგაც გერმანული ავტოკონცერნი ტოპათეულიდან რეიტინგის ბოლო საფეხურებზე დაეშვა.

გერმანული ავტოკონცერნი სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც ამერიკის გარემოს დაცვის სააგენტომ აღმოაჩინა, რომ „ფოლქსვაგენის“ ავტომობილში დამონტაჟებულია მოწყობილობა, რომელიც მავნე ნივთიერებების გამოყოფაზე ტესტის გავლისას ფილტრს რთავს.

მომხდარის გამო „ფოლქსვაგენს“ 18 მილიონ დოლარამდე ჯარიმა ემუქრება. აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს ბრალდება 500 ათას ავტომობილს ეხება, რომელიც აშშ-ში ბოლო 7 წლის განმავლობაში გაიყიდა. თუმცა, „ფოლქსვაგენში“ აღიარეს, რომ მოწყობილობა მსოფლიოს გარშემო 11 მილიონ მანქანას აქვს დამონტაჟებული. კომპანიის განცხადებით, ხარვეზის გამოსასწორებლად კომპენსაციის სახით 6,5 მილიარდ ევროს გაიღებს.

გერმანული ავტომწარმოებელი იძულებულია, აშშ-ში გაყიდვიდან ამოიღოს 2009-2014 წლებში გამოშვებული ყველა Jetta, Beetle, Audi A3 და Golf, ასევე 2014-2015 წლებში წარმოებული Passat-ები.

მომხდართან დაკავშირებით "ფოლქსვაგენს" 18 მილიარდი დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.