ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბრამდე შევა

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მიმოსვლა ექსპლუატაციაში 2016 წლის ნოემბრამდე შევა. ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ჯავიდ ყურბანოვმა განაცხადა.

„სამშენებლო სამუშაოები 2016 წელს დასრულდება. 2015 წლის ბოლომდე ჩვენ ტვირთების გადაზიდვის დაწყებას ვგეგმავთ, ხოლო მომდევნო წლის განმავლობაში დაგეგმილია გზის ელექტრიფიკაციისკენ და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის შექმნისკენ მიმართული სამუშაოების დასრულება“, - განაცხადა ყურბანოვმა.

მისი თქმით, სამუშაოების დროულად დასრულება დამოკიდებულია არა მხოლოდ აზერბაიჯანზე, არამედ პროექტის სხვა მონაწილეებზეც.

„კერძოდ, თურქეთში გზის 75-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა აშენდეს. თუმცა დღესდღეობით რკინიგზის ე.წ. ზედა ნაწილის შეფუთვაც კი არ არის დასრულებული“, - განაცხადა ყურბანოვმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა - ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე.