გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საკითხის გადასაწყვეტად სასამართლოს რამდენიმე თვე დასჭირდება

მინდა შევახსენო მოქმედ პოლიტიკოსებს, რომ ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხშირად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. გულმავიწყობაა, თითქოს ახლა გამოცოცხლდა საკონსტიტუციო სასამართლო, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების გაკეთება გახდა საჭირო, რადგან ზოგიერთი პოლიტიკოსისგან მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.  "ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ შევდივართ, მაგრამ ნფორმაციას ვაწვდით - ამ ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება არ მოხდა, არამედ მოხდა დროებით შეჩერება, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ასევე საუბარი იყო ავკარგიანობაზე, ახალი სააგენტო ჯობია, თუ ეროვნული ბანკი, ამაზე სასამართლო არ მსჯელობს და არც იმსჯელებს. მსჯელობა იქნება იმაზე, ვის კომპეტენციას მიეკუთვნება ამგვარი საკითხების დარეგულირება. შევახსენებ ზოგიერთ პოლიტიკოსს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის პატივცემული ორგანიზაცია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. მინდა ზოგიერთ მათგანს შევახსენო, რომ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის, პარტიის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველი ხშირად მიმართავდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს და საქმეებს იგებდნენ. გულმავიწყობაა, თითქოს ახლა გამოცოცხლდა საკონსტიტუციო სასამართლო", - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლოს მიერ ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება არსებით განხილვაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება - სასამართლო აღნიშნულ კანონს კონსტიტუციურად ან არაკონსტიტუციურად ცნობს.  "რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, პოლიტიკოსები თავიანთ საუბრებში თავისუფლები არიან. დებატებში არ შევალ, მაგრამ იმას აღვნიშნავ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ისინიც მოდიოდნენ ხშირად, საქმეებსაც იგებდნენ, მაშინ არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და ახლა გახდა? გადაწყვეტილება იქნა 5/4-ზე მიღებული და 4/5-ზე რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა სამართლიანი? მინდა აღვნიშნო, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - განაცხადა პაპუაშვილმა.

12 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისცა, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო. სარჩელი "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი დემოკრატების" წევრებმა მოამზადეს.  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდეს.