თბილისის ანძაზე განათების შეცვლა ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება

თბილისის ანძაზე განათების შეცვლა დედაქალაქის ბიუჯეტს 1 900 000 ლარი დაუჯდება. როგორც ჩვენთან საუბარში შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორმა ვასილ ხორავამ განაცხადა, 635 000 ევრო ჯდება იტალიური კომპანიის მომსახურება, რომელიც სამუშაოებს აწარმოებს, ხოლო 200 000 ლარი კაბელირებასა და სადემონტაჟო სამუშაოებს მოხმარდება.

"იტალიურ კომპანია "გრივენს" ევალება მოგვაწოდოს სანათები ანუ მინათების პროჟექტორები. ამაში შედის ტრანსპორტირება, განბაჟება, მათი ტექნიკური პერსონალის აქ ყოფნა და ჩვენი იმ თანამშრომლების გადამზადება, ვინც შემდგომში მოემსახურება ანძას. ჯამში ყველაფერი ეს 635 000 ევროს ღირებულების არის. დანარჩენი, დაახლოებით 200 ათასი ლარი ჯდება უკვე კაბელირება და სადემონტაჟო სამუშაოები. მთლიანობაში, ხარჯები დაახლოებით 1 900 000 ლარი გამოდის. ეს თანხები გამოიყო დედაქალაქის ბიუჯეტიდან", - გვითხრა ვასილ ხორავამ.

მისივე თქმით, სადემონტაჟო სამუშაოები უკვე დაწყებულია. რაც შეეხება თანხების მიზნობრიობას და საკითხს, თუ რამდენად გამართლებულია ეს ხარჯები, "სინათლის ქალაქის" დირექტორის თქმით, ამ თანხების გაღება გამართლებულია, რადგან ამჟამინდელი განათება დედაქალაქის ხასიათში საერთოდ ვერ ჯდება.

"შეიძლება ეს თანხა სოლიდურად ჟღერს, მაგრამ არცერთ სტანდარტში არ ჯდება ის განათება, რითიც დღეს არის განათებული ანძა. დედაქალაქის არქიტექტურიდან გამომდინარე, ის ციმციმები ანუ ე.წ. ფლეშ სანათები ვერ ჯდებოდა დედაქალაქის ისტორიის ხასიათში და თან დახარჯული იყო 5 მილიონი. რაც შეეხება მის მიზნობრიობას, ანძა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავიზიტო ბარათი. როგორც კი დედაქალაქის აეროპორტში დაეშვები, ანძა მაშინვე მოჩანს. ეს არის არქიტექტურული ძეგლი და მისი სწორი მინათება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ანძა გეოგრაფიულად ძალიან სწორად არის განთავსებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მდებარეობს 993 მეტრზე ზღვის დონიდან და მისი დანახვა დედაქალაქის ნებისმიერი კუთხიდან არის შესაძლებელი. ის რომ სწორად იყოს განათებული, ამაში დაიხარჯოს 1 900 000 ლარი და კომპანიამ 10-წლიანი საგარანტიო პერიოდი აიღოს, ეს აბსოლუტურად არ არის ისეთი სოლიდური თანხა, რომელიც ჩვენ ერთი შეხედვით გვეჩვენება", - აღნიშნა ვასილ ხორავამ.

შპს "სინათლის ქალაქის" დირექტორის განცხადებით, განათების შეცვლის სამუშაოები ახალ წლამდე დასრულდება. "სადემონტაჟო სამუშაოები ორშაბათიდან დაიწყო. ეტაპობრივად მოხდება განათების ჩანაცვლება. სამუშაოების განმავლობაში ანძა არც ერთი წუთით არ ჩაქრება", - აღნიშნა ხორავამ.

ლექსო ნაბახტეველი