პენსიის 10 ლარზე მეტით გაზრდა ვერ მოხერხდება

მთავრობა და პარლამენტი პენსიის ზრდისთვის ფინანსურ წყაროს ეძებენ. დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ბიუჯეტის პროექტით პენსიის გაზრდის რასურსი ნამდვილად არსებობს, ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, მომატება შესაძლებელი მაშინ გახდება, თუ გადაწყდება, რომ სხვა მიმართულებით ხარჯი შემცირდეს. ამ დროისთვის გადაწყვეტილია, რომ სექტემბრიდან მთაში მცხოვრებთათვის პენსია 192 ლარამდე გაიზრდება. იმ შემთხვევაში, თუ ბარში მცხოვრებთა პენსიაც მოიმატებს, ეს ბიუჯეტს 1 წლის განმავლობაში 100 მლნ ლარი დაუჯდება.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 705 122 ადამიანს შეადგენს.

თუკი მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ყველა მათგანს პენსია, საშუალოდ, 10 ლარით გაუზარდოს, ბიუჯეტმა ამისთვის წლიურად დამატებით 85 მლნ ლარი უნდა მოიზიდოს. ამ თანხას მთაში მცხოვრებთათვის გაზრდილი პენსიის ოდენობაც ემატება და საპენსიო ხარჯი მინიმუმ 100 მლნ-ით გაიზრდება. როგორც ეკონომისტები აცხადებენ, ამის რესურსი დღევანდელ ბიუჯეტს რეალურად არ გააჩნია. პენსიის ზრდის საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შეიტანა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველად ვარიანტში მომავალი წლისთვის პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის, მატება მხოლოდ მთიან რეგიონში მუდმივად მცხოვრებლებს შეეხება.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ კიდევ ერთხელ დასვა პენსიის გაზრდის აუცილებლობის საკითხი და განაცხადა, რომ ეს არ არის თემა, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს არჩევნებთან ან პოპულიზმთან. ხუნდაძის შეფასებით, პენსიის გაზრდის რესურსი საბიუჯეტო პროექტით რეალურად არსებობს, რადგან ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი გაზრდილია. დეპუტატმა ის მიმართულებები დაასახელა, საიდანაც მისი აზრით, შეიძლება რესურსის გამონახვა.

ფინანსთა სამინისტროს პარლამენტარების შენიშვნა მაინცდამაინც უცხოდ არ მიუღია.

"წინასწარ ვერ ვიტყვით, რომელი კატეგორიისა და რა მიზნობრივი ჯგუფისთვის შეიძლება ზრდა, მაგრამ მუშაობა შესაძლებელია თქვენს კომიტეტთან ერთად. იგივე ჯანდაცვის სამინისტროსთან და მთავრობის ყველა წევრი უნდა იყოს ამ პროცესში ჩართული. პრიორიტეტები ასარჩევია და რესურსი გადასანაწილებელია. კონკრეტულ ციფრებს ვერ ვიტყვით, მაგრამ სამუშაოდ მზად ვართ და გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ, თუ რომელი ჯგუფია პრიორიტეტული და რა პერიოდიდან", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

პენსიის შესაძლო მატებაზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. დავით სერგეენკო მიესალმება იმას, თუკი ბიუჯეტში უფრო მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად.

ბიუჯეტი, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, სწორედ მსჯელობისთვის არის და იგი საბოლოო ვერსიისგან შორსაა. "ჩვენ, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, მზად ვართ განვახორციელოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული გუნდში. მე, რა თქმა უნდა, მივესალმები იმას, თუკი მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება პენსიების გასაზრდელად", - განაცხადა სერგეენკომ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე კი 2016 წელს პენსიების გაზრდის შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდება. როგორც კაკაურიძემ განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობისთვის მზად არის. "ჩვენ მზად ვართ მუშაობისთვის. გარკვეული შიდა გადანაწილების შედეგად (მათ შორის სამინისტროებს შორის გადანაწილებით) თუ მიღებული იქნება გადაწყვტეილება, რომ ზოგიერთი მიმართულებით თანხები შემცირდეს, ამ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება ზოგიერთი კატეგორიისთვის თანხის მომატება, თუმცა, ეს არის რთული სამუშაო პროცესი", - განაცხადა კაკაურიძემ.

პენსიის ზრდა კარგია, თუმცა, როგორც ეკონომისტები მიიჩნევენ, დღეს ამის რესურსი ქვეყნის ბიუჯეტს არ გააჩნია. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ახლა მთავარი კითხვა ისაა, თუ საიდან უნდა მოხდეს ამ თანხის დამატება, ანუ რას უნდა მოაკლდეს.

"ფინანსთა სამინისტრო საერთოდ არ ახმაურებს იმ კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელიც ბიუჯეტის შედგენის პირველ ეტაპზე არის ცალკეული სამინისტროების ან ტერიტორიული ერთეულების მხრიდან. ეს მოთხოვნა რომ სასწორის ერთ პინაზე დაიდოს და მეორეზე ბიუჯეტის შესაძლებლობა, პროპორცია იქნება დაახლოებით 4/1-თან; ანუ, როგორც წესი, დაახლოებით 3-4-ჯერ უფრო მეტია მოთხოვნა იმასთან შედარებით, რისი დაკმაყოფილებაც შეუძლია ბიუჯეტს. ასეთ პირობებში ძალიან რთულია რომელიმე მიმართულებას ერთბაშად 100 მლნ მოაკლო. შეიძლება თანხა პირობითად ეკონომიკიდან ამოვიღოთ და ნაწილი წავიდეს პენსიებისკენ, მაგრამ ეს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას ხელს არ შეუწყობს. ცნობილია, რომ მულტიპლიკატორული ეფექტი სოციალურ ხარჯებზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ეკონომიკაში ჩადებულ სახსრებში, თანაც სახელმწიფომ პენსიის შესაძლო ზრდისას არა მარტო დღევანდელი სიტუაცია, არამედ ხვალინდელი დღეც უნდა გაითვალისწინოს, ანუ რისი საშუალება ექნება ეკონომიკას. ის 3%-იანი ზრდა, რაც ჩადებულია 2016 წლის ბიუჯეტში ან მომდევნო წლებში (5-5,5%) არის არადამაკმაყოფილებელი იმ გამოწვევებისთვის, რის წინაშეც ჩვენი ეკონომიკა დგას. ამიტომაც ძნელია აქ ერთმნიშვნელოვნად მენტორის პოზიციაში ყოფნა და მითითება", - განაცხადა არჩვაძემ.

შეიძლება მთავრობა სულ სხვა გზით წავიდეს, მაგალითად, მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, ინფლაციური შემოსავლებით (რომელიც ბიუჯეტში მოხვდება) პენსია გაზარდოს, მაგრამ ესეც იქნება ნომინალური ზრდა და არა რეალური. "ფაქტია, რომ ბიუჯეტს უჭირს. ყველა მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ერთად უარი რომ თქვან ხელფასის, დანამატებისა და პრემიების აღებაზე, ერთი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ იმუშაონ, ეს თანხა მხოლოდ იმაში გვეყოფა, რომ ჩვენს პენსიონერებს თვეში 10 თეთრი მოემატოთ. რაღაც სხვა გზები უნდა ვეძიოთ, ან ვალებში უნდა ჩავეფლოთ, რაც კარგი არ არის. თუ შემოგვთავაზებენ, რომ ბიუჯეტში გაიზრდება აქციზის გადასახადი, მაშინ შეიძლება დამატებითი შანსი გაჩნდეს. აქციზი არის "ჯოკერი", რომელიც ხელისუფლებას მუდმივად აქვს. სხვა ვერც ერთ გადასახადს ხელისუფლება ვერ გაზრდის თუ რეფერენდუმზე არ გაიტანა. რეფერენდუმზე კი არა მგონია, რომ მოქალაქეებმა რომელიმე გადასახადის ზრდას მხარი დაუჭირონ ან ახალი გადასახადის შემოღებას დათანხმდნენ", - დასძინა "რეზონანსთან"  საუბრისას სოსო არჩვაძემ.

არსებული ბიუჯეტის ფონზე პენსიების ზრდას შეუძლებლად მიიჩნევს ეკონომისტი ემზარ ჯგერენაიაც. "იმის რეალური საშუალება, რომ მომავალი წლიდან პენსია თუნდაც 10 ლარით გაიზარდოს, ბიუჯეტს არ აქვს. ბიუჯეტი ისედაც სოციალურად ძალიან დამძიმებულია. თანაც, ვფიქრობ, რომ ეს 10 ლარი პენსიონერების ცხოვრების გაუმჯობესებაზეც დიდ ეფექტს არ მოახდენს და ჩაითვლება საარჩევნო ხრიკად. პენსიები არ გაიზრდება. ამ რესურსის მონახვა დღესდღეობით შეუძლებელია ბიუჯეტში", - განაცხადა ჯგერენაიამ.

კიდევ ერთი ექსპერტი ზვიად კანდელაკი კი ამბობს, რომ 10 ლარი სწორედ ის მაქსიმუმია, რომელიც შეიძლება პენსიონერებმა საარჩევნო წელს დამატებით მიიღონ. ამის შემდეგ კი პენსიის გაზრდის თემა კარგა ხნით დაიხურება, რადგან ბიუჯეტს აღარ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გაზრდილი სოციალური ხარჯი იტვირთოს.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"