"ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში"

ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იქნება ექსპორტირებული ჩინეთში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ სასტუმრო "რედისონში" განუცხადა, სადაც ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკისა და ვაჭრობის ხელშეწყობისადმი მიძღვნილი კონფერენცია მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში იმყოფებოდა ათეულობით ჟურნალისტი, რომლებიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციას უწყობდნენ ხელს. "ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი ძალიან ბევრი სტუმარი. რამდენიმე მათგანი ახლაც აქ იმყოფება, მათ შორის არის ათეულობით ჟურნალისტი, რომლებიც აკეთებენ ქართული ღვინის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მილიარდნახევრამდე მაყურებელმა ნახა სიუჟეტები, რომელიც გადაიცა ქართული ღვინის შესახებ. პოპულარიზაცია იზრდება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ექსპორტის მაჩვენებლებზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ათეულობით მილიონი ბოთლი იქნება ექსპორტირებული ჩინეთში", - განაცხადა ოთარ დანელიამ.