დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ლასლო ბარანაის შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბანკის დელეგაცია საქართველოში თბილისის "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობის შესახებ. აღინიშნა, რომ ბანკი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც აფინანსებს საქართველოსთვის პრიორიტეტულ პროექტებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა თბილისში, 2015 წლის გაზაფხულზე, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის გახსნა. ბანკის პრიორიტეტებს შორისაა გზების, წყლის, ტრანსპორტის, მუნიციპალური, რეგიონული და სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება. სადღეისოდ, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა საჯარო სექტორში 380 მილიონი ევრო, კერძო სექტორში კი - 150 მილიონი ევროა.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და ამ მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. აღინიშნა, რომ მისი ამოქმედება ხელს შეუწყობს ახალი საწარმოებისა და საექსპორტო პროდუქციის გაჩენას, ქართველი მომხმარებლისთვის უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტის მიწოდებას, სახელმწიფო ადმინისტრირების ორგანოების განვითარებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აღნიშნული, საბოლოო ჯამში, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაზე.