ნიგვზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

”ახალ წლამდე ნიგოზი კიდევ გაძვირდება და მისი ფასი 40 ლარს გადააჭარბებს“

ნიგოზი წელს რამდენჯერმე გაძვირდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. სამომხმარებლო ბაზრებსა და რეგიონებში ერთი კილოგრამი ნიგვზის ფასი 35-40 ლარის ფარგლებში მერყეობს.

შედარებით დაბალი ხარისხის ნიგვზის შეძენა კი 23-25 ლარად არის შესაძლებელი. რეგიონში ამბობენ, რომ წელს ცუდი მოსავალი იყო, რამაც ნიგვზის ფასის კატასტროფული გაძვირება გამოიწვია.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ზაფხულის დასაწყისში 1 კილოგრამი ნიგვზის შეძენა 15-20 ლარად იყო შესაძლებელი. ნაკლებად მოსავლიანმა წელიწადმა კი ნიგვზის კატასტროფული გაძვირება გამოიწვია. ფასის ცვლილებამ რეალიზაციაზეც იმოქმედა. ”ახალ წლამდე ნიგოზი კიდევ გაძვირდება და მისი ფასი 40 ლარს გადააჭარბებს. მოსახლეობა ნიგოზს აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე ყიდულობს და თან ძალიან მცირე რაოდენობით. ხალხს ფული არ აქვს და ცდილობენ უფრო მეტად საჭირო პროდუქტები შეიძინონ. მაღალი ფასი არც ჩვენთვის არის სახარბიელო, რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა”, - აცხადებენ bpn-თან საუბრისას მოვაჭრეები.

გაზრდილი ფასის გამო უკმაყოფილებას მომხმარებლებიც გამოთქვამენ. ერთ-ერთი მომხმარებელი მზია ბეჟანიშვილი არ გამორიცხავს, რომ საახალწლოდ ნიგოზზე ისეთი ფასი იქნება, ბევრი მომხმარებელი ნიგვზის შეძენას ალბათ, ვერც შეძლებს.

თიკო გურაშვილი