მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 4-კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული გზა დღეს მინისტრის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა და კომპანიის დირექტორმა, იოსებ ოზაშვილმა დაათვალიერეს. საერთაშორისო მნიშვნელობის გზის პროექტის ფარგლებში შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი; მდინარე ტერხენაზე ჩატარდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ამაღლდა საყრდენი კედელი; მოეწყო რკინა-ბეტონის მილები, გაბიონები; გაკეთდა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და ავტოპავილიონები; მოინიშნა გზა, გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.

განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სატრანზიტო გადამზიდავებისთვის და მიმდებარე სოფელ არშას მცხოვრებლებისათვის გზაზე გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. სამუშაოებზე 110 ადამიანი იყო დასაქმებული.