დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმიდან" ელოდებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის შედეგი, რომელსაც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმიდან" ელოდებიან.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15-16 ოქტომბერს თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" ჩატარდება, რომელზეც 31 ქვეყნიდან 800-მდე დელეგატს ელოდებიან.  "მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელსაც ჩვენ ამ ფორუმიდან ველოდებით. საბოლოო ჯამში, ამ ფორუმის შედეგად ჩვენ უნდა გვქონდეს დამატებით სამუშაო ადგილები, რომელიც შეიქმნება საქართველოში. უნდა იყოს გაზრდილი ის ტვირთბრუნვა, რომელმაც უნდა გაიაროს საქართველოზე, ასევე უნდა გვქონდეს შესაძლებლობა, მოვიზიდოთ ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც საბოლოო ჯამში, აისახება ჩვენს მოქალაქეებზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ეს განცხადება სასტუმრო "თბილისი მარიოტში" თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პრეზიდენტ, ცნობილ ეკონომისტ და ინტელექტუალ ჰერნანდო დე სოტოსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.  ჰერნანდო დე სოტო საქართველოში "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.