ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებულს 2-3 კვირაში დაასახელებენ

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული 2-3 კვირაში დასახელდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით თუ იგეგმება "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში შეხვედრები.  "ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის შემადგენელი ნაწილი "აბრეშუმის გზის". როდესაც ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჩინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა, იქ გაკეთდა რამდენიმე აქცენტი და მათ შორის ერთ-ერთი აქცენტი გაკეთებული იყო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე. ჩინეთის სახელმწიფოდან ამ პროექტს, ისევე როგორც რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნიდან, ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს. 2 კონსორციუმი გვყავს ჩვენ წარმოდგენილი და აღნიშნულ კონსორციუმში არის ჩინური მხარე. ჩვენ ველოდებით საბოლოო და საუკეთესო შემოთავაზებებს აღნიშნული კონსორციუმებიდან და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, 2-3 კვირაში უკვე საბოლოოდ დავასახელებთ გამარჯვებულს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული პორტი ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია "აბრეშუმის გზის" ინიციატივისათვის, რადგან აღნიშნულმა პორტმა უნდა შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.