საქართველოში ოქროს ფასი გაიზარდა

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში ოქროს ფასმა საგრძნობლად მოიმატა. როგორც bpn-ს თბილისის ოქროს სავაჭრო ცენტრში განუცხადეს, ოქროზე ფასის მატება ლართან მიმართებაში დოლარის კურსის მატებამ გამოიწვია.

საქართველოში ოქროს ოფიციალური ფასი საერთაშორისო ფასთან არის მიბმული და ლონდონის ბირჟაზე არსებული მაჩვენებლებით რეგულირდება. რაც შეეხება ოქროს ადგილობრივ სავაჭრო ცენტრებში არსებულ ფასებს, მას თავად ბაზარი არეგულირებს და მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს მაკონტროლებელი ინსტიტუცია, რომელიც ოქროს ფასს განსაზღვრავს.

"თბილისი ცენტრალში" არსებულ ოქროს ბირჟაზე ამბობენ, რომ ლარის კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში, ოქროს ფასზე საგძნობლად იმოქმედა. მათი ინფორმაციით, ოქროს ფასმა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან 5-8 ლარით მოიმატა.

ცირა ბიბილაშვილი ოქროს ბირჟაზე 10 წელია მუშაობს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა ოქროზე მოთხოვნამ მნიშვნელოვნად იკლო.

"ყველაფერი გაძვირდა. ოქროს ფასმა გაზაფხულიდან მოყოლებული მცირედით, თუმცა მაინც მოიმატა. მომხმარებელმა კი იკლო. ბირჟაზე მოსული მომხმარებელი ძირითადად იაფფასიან ოქროს ნაკეთობას ეძებს. ხალხს ფული არ აქვს. მყიდველი არ არის და შესაბამისად ჩვენი მუშაობაც შეფერხებულია. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობა არ არის, ოქროს ბირჟაზე დახლის ქირაობის ფასმა მოიმატა. ხშირად ისეც ხდება, რომ მხოლოდ ხარჯების დაფარვას ვახერხებთ", - ამბობს ცირა ბიბილაშვილი.

მოიმატებს თუ დაიკლებს ოქროს ფასი მომავალში, ოქროს ბირჟაზე უჭირთ რაიმე ტიპის პროგნოზის გაკეთება. მათი თქმით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც ოქრო საუკეთესო კაპიტალდაბანდება იყო, რადგან მყიდველი ძირითადად იაფფასიან და დაბალი ხარისხის ოქროს ყიდულობს.

დღეის მდგომარეობით, ოქროს ბირჟაზე ყველაზე დაბალი - 333 სინჯის მქონე ოქროს ჩაბარების ფასი 25, ხოლო ყიდვის ფასი 27 ლარია. რაც შეეხება 750 სინჯის მქონე ოქროს, მისი ჩაბარების ფასი 64, ხოლო ყიდვის 66-67 ლარია.

ყველაზე მაღალი ხარისხის 999 სინჯის მქონე ოქროს ჩაბარების ფასი 90 ლარს აღწევს, ყიდვის ფასი კი 93 ლარია.

თბილისის ოქროს ბირჟის ვებგვერდზე განთავსებული 2014-2015 წლის მონაცემებით, ერთი გრამი ოქროს ფასმა მიმდინარე წლის ივლისის შემდეგ 5-დან 10 ლარამდე მოიმატა.

2015 წლის 26 ივლისის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ხარისხის ოქრო 333 სინჯით ჩაბარების ფასი 20 ლარი, ყიდვის კი 24 ლარი იყო.

999 სინჯიანი ოქროს ჩაბარების შემთხვევაში ოქროს ბირჟაზე 78 ლარს გადაგიხდიდნენ, ყიდვის შემთხვევაში კი 85 ლარის გადახდა მოგიწევდათ.

ჯონი პატარკაციშვილი