ირაკლი ღარიბაშვილი: აბრეშუმის გზა უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს

აბრეშუმის გზა უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამოფენის გახსნაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ჩინეთის შემდეგ იქნება პირველი ქვეყანა, სადაც აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართება.

"ერთი წლის წინ გამოვეხმაურე ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით. ერთი წელი ვიმუშავეთ, რომ ეს დღე დამდგარიყო და გამართულიყო ფორუმი. ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩინეთის მთავრობასთან ერთად ფორუმის ორგანიზატორი არის საქართველოს მთავრობა. საქართველო ჩინეთის შემდეგ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მართავს აბრეშუმის გზის ფორუმს. აბრეშუმის გზის აღდგენასთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა არის "ერთი გზა - ერთი სარტყელი" ანუ აბრეშუმის ახალი გზა, რომელიც უზარმაზარ პოტენციალს აძლევს სახელმწიფოებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები ამ ფორუმის შემდეგ იქნება უფრო მტკიცე.