ბათუმის მერიის ინფორმაციით, სუვენირებით მოვაჭრეებს 15 ოქტომბრიდან საქმიანობა აეკრძალებათ

გარემოვაჭრეებს გაფრთხილებები დაურიგდათ იმის შესახებ, რომ 15 ოქტომბრის შემდეგ აღარ უნდა გააგრძელონ საქმიანობა, - ამის შესახებ ბათუმის ვიცე-მერმა ბაგრატ მანველიძემ გარემოვაჭრეების თემის კომენტირების დროს განაცხადა.  ვიცე-მერის თქმით, ბათუმს უფორმო ჯიხურები არ შეშვენის და 15 ოქტომბრიდან საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურებიც აიკრძალება.

როგორც ბაგრატ მანველიძემ განაცხადა, მომავალი სეზონისთვის ლამაზი დიზაინის ჯიხურები განთავსდება, ხოლო ვაჭრობას ტენდერის წესით გამარჯვებულები განახორციელებენ. "სუვენირებით მოვაჭრეებთან დაკავშირებით მერია წავიდა დათმობაზე, რაც განპირობებული იყო სოციალური ფონით, 15 ოქტომბრამდე მივეცით დრო. პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ჯიხურები იყო უსახური. გარდა ამისა, ჯიხურების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. ქალაქში სულ 60-მდე ასეთი ჯიხურია, ცენტრალურ ქუჩაზე, გოგებაშვილზე კი 45 ჯიხური დგას, რაც დისკომფორტს ქმნის როგორც გადაადგილების მხრივ, ისე ვიზუალურად. ჩვენ უკვე დავიწყეთ მზადება მომავალი სეზონისთვის. უნდა იყოს ლამაზი ჯიხურები. სუვენირებით ვაჭრობა აუცილებელია ტურისტული ქალაქისთვის. გარდა ამისა, ადგილები უნდა განისაზღვროს, თუ სად დაიდგმება ჯიხურები. ჩვენ ვმუშაობთ დიზაინის შერჩევაზე, შემდეგ გავიტანთ საკრებულოზე, თუ სად უნდა განთავსდეს, ამის შემდეგ გამოვაცხადებთ ტენდერს იჯარაზე", - აღნიშნა ბაგრატ მანველიძემ.

ბათუმში, საბაგიროს ტერიტორიაზე, სუვენირების ჯიხურების მქონე გარემოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მერიიდან მიიღეს გაფრთხილება 15 ოქტომბრიდან გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ. გარემოვაჭრეები კი ბათუმის მერიიდან პასუხს იმის შესახებ ელოდებიან, თუ რა ფორმით შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას 15 ოქტომბრის შემდეგ. ბათუმის მერიამ გარევაჭრობის აკრძალვა, ზაფხულის სეზონზე სცადა, ჯიხურები ჭაჭის კოშკის მიმდებარედ განათავსა, თუმცა გარემოვაჭრეების აქციების შემდეგ ჯიხურები სეზონის ბოლომდე ძველ ადგილებს დაუბრუნდა.