თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო წინადადება, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა რუსთაველის თეატრში განუცხადა, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმი" იმართება.  როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება. "თქვენ იცით, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივა გახლდათ ერთიანი გზა, ერთიანი სარტყელი, რომლის ფარგლებშიც დღეს ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა ფორუმი, რომელიც იმედია, რომ მუდმივმოქმედი იქნება", - განაცხადა ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, დღეს თბილისში ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე იმსჯელებენ. "მათ შორის იმაზე, როგორ გახდეს საქართველო აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა. ძალიან საინტერესო პროექტებია, მათ შორის, ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი მაგისტრალის ამოქმედება. გარდა ამისა, უკვე გამოითქვა რამდენიმე ძალიან საინტერესო კონკრეტული წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა ქვეყანამ საქართველოს გავლით გაცვალოს ტვირთები. ეს არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, კვირას გაიხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი. "ერთ საინტერესო ამბავსაც მოგახსენებთ: კვირას ჩვენ გავხსნით ახალ საბაჟო-გამშვებ პუნქტს, რომელიც ამ კონტექსტში ჯდება. ეს არის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელი კიდევ ერთი საბაჟო-გამშვები პუნქტი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.