ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას

ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანია, ყველამ ერთად შეიმუშაონ ამ გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების გეგმა. "ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლობა ხაზს უსვამს იმას, რომ ბევრი მივიდა ერთსა და იმავე დასკვნამდე: ბოლო 25 წლის განმავლობაში განხორციელებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინვესტიციებს დღეს შედეგი მოაქვს, ხოლო ცივილიზაციის ჩვენი ისტორიული გზაჯვარედინი მზად არის, დაიკავოს თავისი კუთვნილი ადგილი როგორც გლობალური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთმა მთავარმა მამოძრავებელმა ძალამ... ეს არის ჩვენი პირველი ფორუმი. ჩემი მიზანია, ყველამ შევიმუშაოთ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე ინტეგრაციის გაღრმავების სამუშაო გეგმა, რათა მომავალ წელს წარვადგინოთ ანგარიშები ამ გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული წინსვლის შესახებ.

ჩვენი რეგიონი ახალი ეპოქის ზღურბლზე დგას. წინ დიდი სამუშაო გველის. იმედით შევყურებ შემდგომ ფორუმებს, რომლებზეც ხაზგასმული იქნება ჩვენი ერთობლივი წინსვლა ნათელი მომავლისკენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ორდღიანი ფორუმის განმავლობაში ისინი აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავენ. "არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები. ამ ორი დღის განმავლობაში ჩვენ განვიხილავთ აბრეშუმის გზის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თუმცა მინდა გამოვყო ერთი საკითხი.  დღეს ჩინეთიდან ევროპაში პროდუქციის უმეტესობის გადაზიდვა ხორციელდება ზღვით, რასაც საკმაოდ დიდი დრო მიაქვს. აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ვაწარმოოთ ჩინეთიდან ევროპაში გადაზიდვები ბევრად უფრო სწრაფად და იაფად. ეს კი, თავის მხრივ, მოითხოვს ჩვენს თანამშრომლობას სატარიფო და საბაჟო სტრატეგიების გამარტივებისა და აგრეთვე ჩვენი ინფრასტრუქტურის ინტეგრაციისა და მოდერნიზაციის მიმართულებით. მოვუწოდებ ამ კონფერენციის ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ და ჩვენი პოტენციალის ხორცშესასხმელად ახალი გზების მოძიებისკენ. ამ ორი დღის განმავლობაში ველი თქვენს გამოხმაურებებს და მოსაზრებებს აბრეშუმის გზის მომავლის ხედვასთან დაკავშირებით", - მიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, "აბრეშუმის გზის" ფორუმში ასობით ბიზნესმენის მონაწილეობა ცხადყოფს სწორედ ამ გზის დიდ პოტენციალს. "განსაკუთრებით მინდა მივესალმო აქ მყოფ ყველა ბიზნესლიდერს როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ზოგი თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს ჯგუფურ დისკუსიებში და, დარწმუნებული ვარ, თქვენი აქ ყოფნის მიზანია საინვესტიციო შესაძლებლობების მოსინჯვა. სულ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 1 000 ადამიანი, რაც ძალიან შთამბეჭდავია ამ ტიპის პირველი ღონისძიებისათვის. კიდევ ერთხელ, მადლობა მობრძანებისთვის. ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, რომ ვაჭრობა და კომერცია ხელს შეუწყობს მშვიდობიან თანამშრომლობას. თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.