მამუკა ბახტაძე: დიდი დაინტერესებაა, რომ ინვესტიციები განახორციელონ როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაში

ძალიან დიდია დაინტერესება მონაწილე კომპანიების მხრიდან, რომ განახორციელონ ინვესტიციები, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაში, ლოჯისტიკის სფეროში და ა.შ. ამის შესახებ ჟურნალისტებს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ "თბილისის აბრეშუმის გზის" ფორუმის დაწყებამდე განუცხადა. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, დღეს არის ისტორიული დღე. "მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური მაუწყებლობების მთავარი "ნიუსი" გახლავთ საქართველოში მიმდინარე "აბრეშუმის გზის ფორუმი". რაც შეეხება რკინიგზის მონაწილეობას და როლს ამ ყველაფერში, ბუნებრივია, რომ ჩვენი კომპანია არის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე აღნიშნულ იდეაში", - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე წლის თებერვალში განხორციელდა პირველი გადაზიდვა საკონტეინერო მატარებლით და "საქართველოს რკინიგზა" 9 დღის ვადაში ჩაეტია. "ამ ყველაფერმა გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება. ჩვენ დღეს სპეციალურ პანელს მივუძღვნით ამ პროექტს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდია დაინტერესება მონაწილე კომპანიების მხრიდან, რომ განახორციელონ ინვესტიციები, როგორც სარკინიგზო, ასევე საპორტო ინფრასტრუქტურაში, ლოგისტიკის სფეროში და ა. შ.", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, რკინიგზის მიმართულებით ისაუბრებენ კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობაზე. გარდა ამისა, როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყურადღება გამახვილდება ანაკლიის პროექტზე, მისი მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე.