მსოფლიო გაძვირებისკენ დაიძრა, საქართველო გაძლებაზეა

საერთაშორიოს ბაზრებზე შაქარი 15%-ით გაძვირდა. დოლარის გაუფასურების პროცესის დაწყების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ფასმა სხვა ძირითად სამომხმარებლო პროდუქტზეც (ზეთი, ხორბალი) მოიმატოს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტების ფასი ბოლო პერიოდში ცოტათი მაღლა მიცოცავს კიდეც. მსოფლიო ბირჟებზე ასეთი ტენდენციის შემთხვევაში, საქართველოში ინფლაციის მორიგი ტალღა დაიწყება. ლარის 35%-იანი დევალვაცია სწორედ მაშინ იჩენს თავს ყველაზე მძიმე შედეგებით.

სპეციალისტების განცხადებით, მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზღვარი უკვე იმდენად შემცირდა, რომ იმპორტირებული პროდუქტის გაძვირება უფრო მეტად ბიზნესს შეუქმნის პრობლემას. დღესდღეობით ოფიციალური ინფლაცია 5,2%-ის დონეზეა. სამომხმარებლო ფასების დონის ამ ნიშნულზე შენარჩუნება მსოფლიოში პროდუქტის გაიაფების ხარჯზე მოხდა, რაც, თავის მხრივ, დოლარის გამყარებამ განაპირობა. ბოლო პერიოდში დოლარი თანდათან სუსტდება და თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა, სპეციალისტები ინფლაციის ზრდას არ გამორიცხავენ. ლონდონის ბირჟაზე 1 ტონა თეთრი შაქარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, დაახლოებით 15%-ით - 390 დოლარამდე გაძვირდა, სხვა ძირითადი პროდუქტების ფასები, ჯერჯერობით ძველ ნიშნულს ინარჩუნებენ. რაც შეეხება ნავთობს, 1 ბარელი ბოლო დღეებში 51 დოლარს გადაცდა, თუმცა შემდეგ ცოტათი გაიაფდა. თანდათან დევალვაციაზე მეტად საქართველოში აქტუალური გახდება ინფლაცია. დღის წესრიგში დადგება მეორე უმთავრესი საკითხი - როგორ შეძლებს ქვეყანა გაზრდილ ფასებთან გამკლავებას. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, 1 წელზე გადაანგარიშებით, მთელ მოსახლეობას 300 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევს, პურის გაძვირების გამო - 100 მილიონი ლარით მეტის. ამ დროს ფულადი გზავნილები, რომელზედაც ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული, დაახლოებით 400 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ეკონომისტები წლის ბოლოს ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებლამდე მისვლას არ გამორიცხავენ.

ასეთი პროგნოზი კატეგორიულად გამორიცხა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ. "ორნიშნა ინფლაცია არ იქნება არავითარ შემთხვევაში,-განაცხადა ქადაგიძემ და არგუმენტად მსოფლიო ფასების ტენდენცია მოიყვანა, - სეზონური ფაქტორებიდან გამომდინარე რიგ საქონელზე ფასები იზრდება, მაგრამ საგარეო ფაქტორები ჩვენ სასარგებლოდ მოქმედებს. ინფლაციის კონტროლი მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დიდ ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას".

ბოლო დღეებში სწორედ საერთაშორისო ბაზარზე აღარ არის ვითარება ძველებურად სტაბილური. დოლარის თანდათანობით გაუფასურებასთან ერთად, ძირითადი სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირება დაიწყო.

უკვე გაძვირდა შაქარი, მერყეობს ნავთობის ფასი. ასე რომ, საქართველო ორნიშნა ინფლაციის ზღვარზე შესაძლოა, მართლაც აღმოჩნდეს. ექსპერტ ზვიად კანდელაკის განცხადებით, სეზონურობიდან გამომდინარე, შემოდგომის მიწურული და ზამთრის პერიოდი ისედაც ინფლაციური პროცესით გამოირჩევა. თუკი ამას იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებაც მოჰყვა, ეს ფაქტორი, ბუნებრივია, სამომხმარებლო ფასებს მნიშვნელოვნად გაზრდის. "თუკი აქამდე ინფლაცია მხოლოდ 5%-ის ფარგლებშია, ამას საერთაშორისო ბაზარზე სამომხმარებლო პროდუქტის გაიაფებას უნდა ვუმადლოდეთ. რომ არა ეს ფაქტორი, ლარის ასეთი კატასტროფული გაუფასურების შემდეგ, ინფლაცია ორნიშნა ნიშნულს კარგა ხნის გადაცილებული იქნებოდა. დოლარის შესუსტების შემთხვევაში, საერთაშორისო ბირჟებზე ფასი აუცილებლად გაიზრდება და ეს ლოგიკურიცაა. მსოფლიოში და პარალელურად საქართველოშიც ისე უცებ იცვლება პოცესები, რომ რაიმეს პროგნოზირება ძალიან რთულია", - ამბობს ზვიად კანდელაკი.

სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას თავისი ზღვარი აქვს, რომელიც უკვე ძალიან შემცირდა.

შესაბამისად, თუკი გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა უფრო მეტად ბიზნესს შეექმნება, ვინაიდან მათ პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდებათ. "საქართველოში ინფლაციური პროცესები ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით არ აიხსნება, ამაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას. ყველაფერთან ერთად საქართველოში მონოპოლიური გავლენა ძალიან დიდია და პროდუქციის გაძვირებას ესეც უწყობს ხელს. საერთაშორისო ბაზარზე თუ რამე გაძვირდა, ჩვენთანაც აუცილებლად გაძვირდება, თუმცა მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას აქვს თავისი ზღვარი და იგი დღეს, საკმაოდ დაბლაა ჩამოწეული. ამიტომ საცალო ქსელში სერიოზულ გაძვირებას ნაკლებად ვვარაუდობ. მოხმარება ისედაც შემცირებულია და ფასთა მორიგი ზრდა ბიზნესს ცუდ დღეში ჩააგდებს", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"