VimpelCom Ltd ახალ პროექტს იწყებს

ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერი VimpelCom Ltd, რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრიც "ბილაინია", გლობალურ პროექტს - Eurasia Mobile Challenge იწყებს.

ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ჩართოს ევროპისა და აზიის ახალგაზრდობა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში და შექმნას ახალი და წარმატებული მობილური პროექტები.

"პროექტი ტარდება კომპანია "ბილაინის" ახალი სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის MAKE YOUR MARK-ის ფარგლებში. მისი პარტნიორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს მომავლის პროფესიებისა და ტექნოლოგიების განვითარებას. სააგენტოს არაერთი მსგავსი პროექტის გამოცდილება აქვს. ის მონაწილეობს კერძო და სახელმწიფო სექტორის მიერ ცოდნის, ინოვაციებისა და კვლევის შედეგების კომერციალიზაციისა და ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობაში.  Eurasia Mobile Challenge ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად შექმნის გლობალურ პლატფორმას ტექნიკური და არატექნიკური განათლების მქონე ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის ისეთი შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც მათ მომავლის უზრუნველყოფაში დაეხმარება, ასევე ბიძგს მისცემს ეკონომიკურ ზრდას როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში", - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაიწყება ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ვებგვერდზე: eurasiamobilechallenge.com

"კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდები იმ ქვეყნებიდან, სადაც VimpelCom Ltd-ს ჯგუფში შემავალი ბიზნეს ერთეულები არიან წარმოდგენილი. ახალგაზრდები შეიმუშავებენ მობილურ პროექტებს საკუთარი ქვეყნებისთვის და წარმოადგენენ თავიანთ კონცეფციებს ჟიურის წინაშე. კონკურსი მიზნად ისახავს შეიქმნას კიდევ ერთი განსაკუთრებით წარმატებული აპლიკაცია ან პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოების წინაშე მდგომი აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების გადაჭრის საუკეთესო გზების მოძიებას.  ყოველი მონაწილე ქვეყნიდან სამი ფინალისტი გადაინაცვლებს კონკურსის რეგიონალურ ეტაპზე მოსკოვში (2016 წლის, იანვარში). მოსკოვში საკონკურსო ეტაპის დასრულების შემდეგ შეირჩევა სამი რეგიონალური ფინალისტი, რომლებიც მიიღებენ ფულად პრიზებს და აპარატურას.  გამარჯვებულ სამ რეგიონალურ გუნდს სრულად აუნაზღაურდება მგზავრობა ბარსელონაში, კონკურსის საბოლოო ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად", - განმარტავენ სააგენტოში.

Global Mobile Challenge კონკურსი ჩატარდება მსოფლიო მობილური ტექნოლოგიების კონგრესზე ბარსელონაში, 2016 წლის 22-26 თებერვალს. კონკურსი Huawei Technologies Co, Ltd. პარტნიორობით გაიმართება. ტელეკომუნიკაციების მომსახურების წამყვანი პროვაიდერის VimpelCom Ltd-ის სათაო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. ის 213 მილიონ მომხმარებელს ემსახურება.