აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება

16 ოქტომბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით "სტამბოლი-ბათუმი" ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფორუმში ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად წარმოდგენილი იქნება მათი დეპარტამენტი.  "ბიზნეს ფორუმი სამინისტროს საინვესტიციო ტურების ფარგლებში ჩატარდება. შეხვედრაზე უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნოებიან. დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ", - აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ფორუმზე თურქეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის წამყვან სექტორებზე, ასევე საინვესტიციო და ტურისტულ შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან. "სტამბოლში სამინისტროს დელეგაციასთან ერთად აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ, მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მომუშავე კერძო კომპანიების წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობენ. ბიზნეს ფორუმზე პრეზენტაციებით შპს "მეტრო ატლას ჯორჯია", შპს "მერსინ ტურიზმი", შპს "დრიმლენდ ოაზისი", შპს "აჭარა ტექსტილი", შპს "ალიანს პალასი" წარსდგებიან. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ. პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და თურქულ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სტამბოლის სავაჭრო პალატა", - განმარტავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკას 17 ოქტომბერს დატოვებს. 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, აჭარაში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყანაა თურქეთი (42%), თურქული ინვესტიციები ძირითადად ტურიზმის, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორში ხორციელდება.