აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილის შეფასებით, საქართველო ამერიკისთვის შესანიშნავი მეგობარი და პარტნიორია

ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრიუს ენდრიუსმა განუცხადა, რომელიც "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" ესწრებოდა.

მისი თქმით, საქართველო არის შესანიშნავი მეგობარი და შესანიშნავი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.  "ჩემთვის დიდი პატივია ვესწრებოდე ამ ფორუმს ამერიკის ელჩ იან კელისთან და მის გუნდთან ერთად, რომლებიც ყოველდღიურად საქმიანობენ და მუშაობენ აქ. საქართველო არის შესანიშნავი მეგობარი და შესანიშნავი პარტნიორი აშშ-სთვის. ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველო, რასაკვირველია, გამოიწვევს ამერიკული კომპანიების დაინტერესებას მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის არის ბიზნესის კეთების სიმარტივე, რომელშიც საქართველო გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი. ქვეყანაში მიმდინარეობს კორუფციასთან აგრესიული ბრძოლა. ამერიკული კომპანიებისთვის საქართველო ასევე საინტერესო იქნება კიდევ იმ მიზეზით, რომ საქართველო სულ უფრო მეტად წარმოაჩენს თავის თავს, როგორც რეგიონული ლოჯისტიკური ცენტრი", - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა.

მისივე თქმით, მათ სურთ, რომ ამერიკული კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი საქართველოში. როგორც ენდრიუსმა აღნიშნა, ზუსტად ამ მიზნით სულ ახლახან საქართველოს ესტუმრა ამერიკის სავაჭრო მისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა 30 კომპანია და ისინი შეხვდნენ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე პოტენციური პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებს. ბრიუს ენდრიუსმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამერიკული კომპანიაა, რომელმაც განახორციელა საქართველოში ინვესტიცია უკანასკნელ პერიოდში და ასევე მთელი რიგი ამერიკული კომპანიებია, რომლებიც იხილავენ ასეთ შესაძლებლობებს.