როგორ მართავს პუტინი "გაზპრომით" მსოფლიოს

"გაზპრომი" უდიდესი რუსული კომპანია და ბუნებრივი აირის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.

ნავთობის კომპანია "სიბნეფტის" შესყიდვის შემდეგ "გაზპრომი" 119 მილიარდი ბარელი ნავთობით მხოლოდ საუდის არაბეთსა და ირანს ჩამორჩება, როგორც ნავთობისა და ნავთობის ექვივალენტური ბუნებრივი გაზის მსოფლიოს უდიდესი მფლობელი. აღსანიშნავია, რომ გაზის რეზერვებისა და მსოფლიოში ყველაზე გრძელი გაზსადენის ქსელის გარდა, კომპანია ფლობს აქტივებს საბანკო, სადაზღვევო, მედიის, სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში.

"გაზპრომი" გრძელვადიანი კონტრაქტებით (20-25 წლიანი) აწვდის გაზს ევროპის 25 ქვეყანას. 2004 წლისთვის რუსული კომპანია გაზის ერთადერთი მიმწოდებელი იყო ესტონეთის, ფინეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვასა და სლოვაკეთისათვის. დიდ პროცენტულ წილებს ფლობდა ბულგარეთში, (97%) უნგრეთში (89%) პოლონეთში (86%) ჩეხეთში (75%) თურქეთში (67%) ავსტრიაში ( 65%) რუმინეთში (40%) გერმანიაში (36%) იტალიასა ( 27%) და საფრანგეთში (25%).

"გაზპრომ-მედია" უმსხვილესი რუსული მედია ჰოლდინგია, რომელიც 2000 წელს, როგორც "გაზპრომის" შვილობილი კომპანია ჩამოყალიბდა. იმავე წელს მან შეიძინა იმ დროისთვის ერთადერთი სახელმწიფო დამოუკიდებელი ტელევიზია - НТВ. 2005 წელს კი "გაზპრომმა" იყიდა ქვეყნის წამყვანი გამოცემა, "იზვესტია". ამჟამად "გაზპრომი" ფლობს რამდენიმე წამყვან ტელევიზიას, ( 2×2,НТВ,ТВ-3,ТНТ, Пятница!) რადიოს, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობ Эхо Москвы-ს, პრესასა და ინტერნეტმედიას.

ასე რომ, დღეს რუსეთის სახელმწიფოს ხელშია "გაზპრომი", რომელიც მას შეუძლია გამოიყენოს, როგორც მძლავრი იარაღი მედია-პროპაგანდისა და ეკონომიკურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისთვის.

როგორ ახერხებს რუსეთი "გაზპრომის" საშუალებით საკუთარი ინტერესების გატარებას, კონკრეტულ მაგალითებზე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

რომან გოცირიძე: "გაზპრომი" რუსეთისთვის მხოლოდ წმინდა ბიზნესორგანიზაცია არ არის. რუსეთის სტრატეგიული ამოცანა მუდამ იყო "გაზპრომისა" და სხვა ენერგოკომპანიების მეშვეობით პოსტსაბჭოთა სივრცისა და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური დაპყრობა, რაც მან კარგად მოახერხა. ერთ-ერთი მაგალითია სომხეთი, რომელსაც რეალურად უკვე არ გააჩნია საკუთარი ენერგეტიკა და ასევე რუსეთის ხელშია სომხეთის სხვა მრავალი ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ობიექტებიც. იგივე სიტუაციაა ბალკანეთის ქვეყნებში, რომლებშიც საკმაოდ მძლავრად შევიდა რუსეთი და ის დღეს გავლენას ახდენს ამ ქვეყნების შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაზე.

ჩვენ დავინახეთ, როგორ შეუწყვიტა "გაზპრომმა" გაზით მომარაგება უკრაინას, ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების დაწყებამდე. რუსეთი თავისი გაზის ევროპის ტერიტორიის ქვეყნებზე გატარებით აცდუნებს ევროპის სახელმწიფოებს და იქაურ ოლიგარქებს დამატებით შემოსავლებს პირდება. ამის გამო, ჩვენ კარგად ვხედავთ როგორი ლოიალურია რუსეთისადმი თუნდაც უნგრეთი, საბერძნეთი, რომელსაც აქვს იმედი რუსული გაზის მიღებისა თურქული ტერიტორიის გავლით. ისინი დაინტერესებულები არიან რუსული გაზის მიწოდებით, რაც მათ ერთის მხრივ, მოგებას უქადის, მეორეს მხრივ კი აქცევს რუსეთის გავლენის ქვეშ. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებაში ევროპის არაერთსულოვნებაც შეგვიძლია "გაზპრომის" გავლენებს დავუკავშიროთ. გაზით ევროპის მომარაგება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების სერიოზული ბერკეტია ამ სახელმწიფოს ხელში. აღარაფერს ვამბობ ევროჩინოვნიკების პირდაპირ თუ ფარულ მოსყიდვაზე, რისი ერთ-ერთი სამარცხვინო მაგალითი გერმანიის კანცლერი შრედერია, რომელიც "გაზპრომის" გერმანული ფილიალის დირექტორია. ის ფაქტი, რომ ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფოს პირველი პირი რეალურად პუტინის ლაქია გახდა, ბუნებრივია, სერიოზულ გავლენას ახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. იგივე ფინანსურ ინტერესს

ემყარება ბერლუსკონის ყირიმში ვიზიტი და მისი მხრიდან რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ფაქტობრივი გამართლება. როგორც ჩანს, ეკონომიკური ფაქტორები ნეგატიურ პოლიტიკურ შედეგებსაც იძლევა.

რუსეთში თუკი რომელიმე დამოუკიდებელი მედიასაშუალება მოიპოვებს პოპულარობას, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს სააგენტო თუ ელექტრონული მედია, "გაზპრომი" მას მომენტალურად ორმაგ ფასში ყიდულობს, თავისი ჰოლდინგის მეშვეობით. ამიტომ "გაზპრომის" ფული ამავე დროს არის რუსეთისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის განეიტრალების მექანიზმი. განსხვავებული აზრის ბლოკირების ფუნქცია აქვს. ფაქტობრივად, რუსეთში არ დარჩა მედიასაშუალება, რომელიც "გაზპრომის" გავლენის ქვეშ არაა მოქცეული. საქართველოშიც შემოდის დიდი რუსული ფული, რომელიც პრორუსულ პარტიებს, არასამთავრობოებსა და მედიის გარკვეულ ნაწილს ხმარდება, თუმცა ეს შედარებით ფარულად ხდება. დადგება დრო, როცა მათ ბუღალტრულ-ფინანსურ მოძრაობასაც შეიწავლიან და ბევრი რამის დასადასტურებლად ისიც კი საკმარისი იქნება, რაც ღია, ოფიციალური არხებით გადმოედინება.

რა მოხდა საქართველოსთან მიმართებაში? რუსეთი გაზის შეფერხებით, ფაქტობრივად, ახდენდა ჩვენი ეკონომიკის კოლაფსს. ეს პერიოდი ჩვენ გავიარეთ და ძალიან მწარედ გვახსოვს. ამ ეტაპზე "როსნეფტმა" უკვე იყიდა ფოთის ტერმინალი და ახლა ჩვენი ენერგეტიკის საკმაოდ სერიოზულ ნაწილზე უჭირავს თვალი, როგორიც არის თბილისის გაზის გამანაწილებელი სისტემა , "ყასტრანსგაზთბილისი", რომელიც საქართველოდან გასვლას აპირებს. ჩეხური კომპანია "ენერგოპროც" რუსეთის თანამონაწილეობით აპირებს საქართველოდან გასვლას, მის ძირითად მყიდველად რუსული კომპანიები მოიაზრებიან. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ენერგოპროს, გარდა დისტრიბუციისა და ჰიდროელექტროსადგურებისა, აქვს თბოელექტროსადგურიც, რუსეთის გაზის მყიდველი შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე სერიოზული ენერგეტიკული ობიექტი. თუნდაც გარდაბნის თბოსადგური, რომელიც ახლახან აშენდა. ეს არ არის მხოლოდ "გაზპრომთან" ტრანზიტული ხელშეკრულების თემაზე მოლაპარაკება, ეს არის "გაზპრომის" შემოჭრა შიდა ეკონომიკურ სივრცეში, რომელსაც ერთი მხრივ, ახლავს პოლიტიკური მუქარის შემცველი ქმედებები, და მეორე მხრივ, ის სერიოზულ გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, ვინაიდან მას აქ ეყოლება უამრავი მხარდამჭერი, როგორც ხელისუფლებაში, ისე ბიზნესში.

ეს არ არის პატარა თემა, "გაზპრომთან" რაიმე კონტრაქტის გაფორმება ხელისუფლებისთვის შეიძლება დამთავრდეს მძიმედ. მე მაინც მგონია, რომ ამას ხელისუფლება ვერ გაბედავს,"- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ქრისტინე გამთენაძე

წყარო: AMBEBI.GE