ლასლო ბარანიაი:  ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები იზრდება

ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ლასლო ბარანიაი აცხადებს, რომ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" არის შესაძლებლობა, სადაც სამომავლო გეგმების და პერსპექტივების განხილვა ხდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.  "ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ვინაიდან ამჟამად იზრდება ამ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობები და თავად ეკონომიკური პოტენციალი. ფორუმი, ზოგადად, არა პოლიტიკურ საკითხებზე, არამედ ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული და სწორედ ამიტომ არის ამ ფორუმში და დისკუსიებში მონაწილეობა უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ ქვეყნებს ესაჭიროებათ ინვესტიციები და ვინაიდან ფორუმზე წარმოდგენილია სახელმწიფო და კერძო ინვესტორები, ისევე როგორც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორიც, მაგალითად არის ჩვენი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და ჩვენ ყველას გვეძლევა შესაძლებლობა განვიხილოთ პერსპექტივები, შედეგები და სამომავლო გეგმები", - განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლასლო ბარანიაიმ.