"საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს "აბრეშუმის გზა - ახალი ეკონომიკური სარტყელი"

ჩინური სააგენტო Shanghaidaily საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური ოლქის გუბერნატორის, საქართველოში მყოფი ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის შოქრატ ზაქრის შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ჩინური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის მიერ ინიცირებულ „ახალი აბრეშუმის გზა - ეკონომიკური სარტყელში".

„მხარეებმა განიხილეს აბრეშუმის გზის მნიშვნელობა და საქართველოს ისტორიული როლი ახალ კონტექსტში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ახალი აბრეშუმის გზის დამაკავშირებელი ქვეყანა იქნება“, - წერს ჩინური სააგენტო.

თბილისი დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს, რომელიც ხვალ დასრულდება.