გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში ვართ

ჩვენ ვართ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში, სადაც უნდა ველოდოთ ძალიან მნიშვნელოვან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აღმოსავლეთიდან და ევროპიდან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ახალი აბრეშუმის გზის ინიციატივა არის სტრატეგიული, ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინიციატივა, რომელიც 2013 წელს ჩინეთის პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ამ ინიციატივას პირველი საქართველო გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაფუძნდა საქართველოში "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი". "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითქმის 40 ქვეყნიდან რამდენიმე ათასი მონაწილეა ჩამოსული, მათ შორის, ძალიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ამხელა ინტერესი გამოიწვია ამ ინიციატივამ. საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი ევროპასა და აზიას შორის კავშირის კუთხით. საქართველო, საკუთარი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებით ევროკავშირთან, გახდა ძალიან საინტერესო ბევრი ქვეყნისთვის, რომელთაც არ აქვთ თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ამიტომ ჩვენ ვართ ახალი ეკონომიკური განვითარების სტადიის დასაწყისში, სადაც ჩვენ უნდა ველოდოთ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როგორც ჩვენი რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე შორეული აღმოსავლეთიდან, ევროპიდან", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის გახსნის ცერემონიას მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები დაესწრნენ.  კვირიკაშვილის განცხადებით, სჯერათ, რომ ეს ფორუმი დამთავრდება კონკრეტული შედეგებით.  კითხვაზე, კონკრეტულად რა პროექტებზე უნდა ველოდოთ გადაწყვეტილებას, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მუშაობს სივრცითი განვითარების გეგმაზე. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება საერთაშორისო პროფესიონალი კომპანიების ჩართულობით ამ გეგმის შედგენა. ამას გარდა, კვირიკაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში არის მთელი რიგი პროექტების პორტფელი.