"ვითიბი ბანკი" საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის წევრი გახდა

"ვითიბი ბანკი ჯორჯია" საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაციის (Factors Chain International – FCI) წევრი გახდა.

"ვითიბი ბანკის" ინფორმაციით,  საქართველოს ბაზარზე, "ვითიბი" მეორე ბანკია, რომელიც FCI -ში გაწევრიანდა.  მათივე ცნობით, ფაქტორინგული მომსახურება მყიდველს საქონლის ან გაწეული მომსახურების შეძენისას გადავადებული გადახდის შესაძლებლობას აძლევს, ხოლო გამყიდველი მიწოდებული საქონლის ან გაწეული მომსახურების ანაზღაურებას იღებს საქონლის მიწოდებისთანავე.  "აღნიშნულ ორგანიზაციის წევრობით, შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაციების წარმოება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, ბანკის მიერ დებიტორული დავალიანებების შესყიდვა, დამატებითი დროისა და ფულადი დანახარჯების გარეშე. შესაბამისად, FCI-ში გაწევრიანებით ვითიბი ბანკი, ექსპორტიორებს გაცილებით ეფექტურ და სწრაფ დაფინანსებას სთავაზობს. ბანკი დააფინანსებს, კანონმდებლობით დასაშვებ ყველა სახის საექსპორტო ოპერაციას, მძიმე მრეწველობის, სასურსათო პროდუქტებისა და სხვა საქონლის ექსპორტის ჩათვლით. ექსპორტიორების გარდა, ფაქტორინგული ოპერაციების ჩატარება, მნიშვნელოვნად გამარტივდება იმპორტ-ფაქტორის როლში, რაც უფრო მოსახერხებელია ადგილობრივი იმპორტიორებისთვის", - აცხადებენ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, "ვითიბი ბანკი" კლიენტებს სთავაზობს ფაქტორინგული ოპერაციების სრულ სპექტრს. 2015 წლის განმავლობაში ბანკის მიერ დაფინანსდა 135 გარიგება, რაც 3-ჯერ აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. პორტფელის ზრდამ შეადგინა 48%. მიმდინარე წლის სექტემბერში, ვითიბი ბანკმა, ერთობლივად ვითიბი ფაქტორინგთან, განახორციელა საერთაშორის გარიგება ორი ფაქტორინგიანი მოდელით, რომლის ფარგლებშიც ვითიბი ბანკმა დააფინანსა წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანია, ხოლო ვითიბი ფაქტორინგმა აიღო დებიტორის ვალდებულებები.  "ვითიბი ბანკის Factors Chain International-ში წევრობა, მნიშვნელოვან პერსპექტივებს აჩენს ფაქტორინგული ოპერაციების მიმართულებით. ვითიბი ბანკი, ქართულ კომპანიებს ფაქტორინგულ მომსახურებას 70-ზე მეტ ქვეყანაში გაუწევს, რაც იძლევა პროდუქციის რეალიზების ზრდის და ახალი საექსპორტო ბაზრების ათვისების რეალურ შესაძლებლობას", - განაცხადა "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ.

როგორც ბანკში აცხადებენ, აღსანიშნავია, ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა. საერთაშორისო ფაქტორინგული დაფინანასება წარმოადგენს რისკების მინიმუმამდე შემცირების ეფექტურ საშუალებას და უგირავნო ფინანსირების ინსტრუმენტს.