„ემბავუდის“ პროდუქციის 50% ექსპორტზე გადის

საქართველოში ავეჯის წარმოება რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. ბოლო წლებში ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ავეჯზე მოთხოვნა გაზრდილია. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ქართველი მომხმარებელი სკეპტიკურად იყო განწყობილი საქართველოში დამზადებული ავეჯის მიმართ, თუმცა ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი შემცირდა, მომხმარებელს გაუჩნდა ნდობა და, შესაბამისად სურვილი, შეიძინოს ქართული ავეჯი.

კომპანია ,,ემბავუდი“ 20 წლის წინ დაარსდა, საქართველოს გარდა მას ქარხნები აქვს აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქეთსა და უკრაინაში. დაახლოებით ათი წლის წინ ,,ემბავუდის“ საქონლის იმპორტი ხდებოდა საქართველოში, მაგრამ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მოთხოვნის ზრდის გამო, ქარხნის დაარსების აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. ,,ემბავუდის“ რეგიონის განვითარების მენეჯერის, ვასილ დვალის თქმით, ,,ემბავუდში“ დამზადებული ავეჯი საქართველოდან გადის ყაზახეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთსა და რუსეთში. წარმოების თითქმის 50%-ზე მეტი ექსპორტისთვისაა გათვლილი. ამ ეტაპზე კომპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, თითქმის ყველა რაიონულ ცენტრში 30 მაღაზია აქვს.

კომპანიაში დამზადებულ ავეჯზე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და წარმოების ტექნოლოგიებზე Palitra-TV-ის გადაცემა ,,საქმეში“ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, დიმიტრი გრაჩევმა და რეგიონის განვითარების მენეჯერმა, ვასილ დვალმა ისაუბრეს.

ვასილ დვალი: ,,ავეჯის დასამზადებლად ძირითადად მერქანბურბუშელოვან ფილას, ე.წ. დე-ეს-პე-სა და მერქანბოჭკოვან ფილას, ე.წ. ემ-დე-ეფ-ს ვიყენებთ. მათი ლამინირება გარდაბანში მდებარე ქარხანაში ხდება, თბილისის ქარხანაში კი დაჭრა, დახვრეტა, შეფუთვა მიმდინარეობს, შემდეგი ეტაპია მზა პროდუქციის საწყობში გადატანა და ქსელში გავრცელება. რაც მთავარია, წამოება ეკოლოგიურად სუფთაა, ქარხანა თითქმის სრულად ავტომატიზირებულია და ადამიანის ფიზიკური ჩართულობა ძალიან მცირეა. რაც შეეხება მასალებს, შემოგვაქვს რუმინეთიდან და ბულგარეთიდან. ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ მასალებს გააჩნდეს ევროპული ხარისხის ნიშანი (E1 ან E0), რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველობა ჩვენს მასალაში ფაქტიურად არ არის. "ემბავუდი"  საქართველოში ერთ-ერთი პირველი ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც მინიჭებული აქვს ISO-ს სერთიფიკატი. ხარისხის კონტროლის მექანიზმი ქარხანაში თითოულ სექციაზე მიმდინარეობს. ლაბორატორიულად მოწმდება ავეჯის ვიზუალური მდგომარეობა და მავნე ნივთიერების შემცველობა. "

კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, დიმიტრი გრაჩევის თქმით, მომხმარებელთა კომფორტისათვის ,,ემბავუდის“ მაღაზიათა ქსელი საქართველოს ყველა კუთხეშია: ,,ჩვენი კონსულტანტები გადამზადებულები და დატრენინგებულები არიან, რათა ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება შეძლონ კლიენტებისთვის. ავეჯი 2-წლიანი გარანტიით გადაეცემა მყიდველს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიმშვიდისთვის. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომხმარებელი უკმაყოფილო არ დარჩეს ჩვენი მომსახურებით. რაც შეეხება დიზაინს, ჩვენ რადგან სერიული წარმოება გვაქვს და ავეჯი ექსპორტზე გაგვაქვს, უნდა გავითვალისწინოთ სხვადასხვა ქვეყნის გემოვნება. გვყავს დიზაინერები, რომლებიც ამ კუთხით მუშაობენ. დიზაინერთა ჯგუფები დადიან საერთაშორისო გამოფენებზე, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, შემდეგ ხდება ადგილობრივი ბაზრის კვლევა. ადგილობრივი ბაზარი რასაც ითხოვს, იმას ვთავაზობთ", -აღნიშნა მარკეტინგის მენეჯერმა.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ISO-ს სერთიფიკატის მიღების შემდეგ კომპანიას შესაძლებლობა მიეცა ევროპის ბაზარზე გასვლის. "ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში სიამაყით განვაცხადებთ, რომ საქართველოში წარმოებული ავეჯი ევროპაში იყიდება",- განაცხადა ვასილ დვალმა.

,,ემბავუდში“ დასაქმებულია დაახლოებით 1200 ადამიანი, აქედან 300 ადამიანი უშუალოდ წარმოებაშია ჩართული.

ქრისტინე გამთენაძე