დიმიტრი ქუმსიშვილმა აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა კომენტარი გააკეთა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან" დაკავშირებით, რომელმაც თბილისში დღეს დაიწყო მუშაობა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოსთვის ფორუმისა და ზოგადად, აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით. მისასალმებელ სიტყვაში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს. მათ შორის ის, რომ უნდა გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისათვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის.

ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც ფორუმზე იქნება მიღებული, სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომლებიც იქნება განხორციელებული აღნიშნულ ფორუმზე, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე. პირველ რიგში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით ველოდებით დიდ ინვესტიციებს. ჩვენ ვართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების ბოლო ეტაპზე. ეს არის ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში. ინვესტიციების ჩადება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება. მხოლოდ ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების, მათ შორის, ესაა აბრეშუმის გზის ფონდი, აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ მოხდეს აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.  მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინეთის მთავრობას ფორუმის თანაორგანიზებისათვის და აზიის განვითარების ბანკს, რომელიც იყო ძირითადი სპონსორი და პარტნიორი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის კომენტარს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.