საქართველოს მთავრობა ქუთაისი-სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზე მუშაობს

ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის თეატრში განუცხადა, სადაც "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, არის სხვადასხვა პროექტები, როგორიცაა ჩქაროსნული მატარებლები, რამდენიმე გვირაბის პროექტი.  "კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი გზის ახალ პროექტზე. სამწუხაროდ, ის პროექტი, რომელიც არსებობდა, არ აღმოჩნდა საერთაშორისო კომპანიებისთვის კონდიციური. ამიტომ ჩვენ ეს პროექტი ახლიდან დავიწყეთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს კურორტების განვითარების გენერალურ გეგმებზე. მათ შორის, ეს არის წყალტუბო, გონიო, სამხრეთ საქართველოს არაერთი მიმართულება. "ეს პროექტები უკვე ფიზიკურად მზადდება და იქნება მზად ინვესტორებისთვის. ამიტომ ყველა ამ პროექტში ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ცნობადობის მნიშვნელოვანი გაზრდით, მივაღწევთ გაცილებით უფრო გაზრდილ ინტერესს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.  რაც შეეხება აჭარას, მისივე თქმით, აჭარა არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. "დინამიკა აჭარაში არის ძალიან დადებითი და აჭარა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებად რჩება საქართველოში ინვესტორებისთვის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს აჭარაში, მინისტრმა დაასახელა გონიოს პროექტი, სადაც მისი თქმით, რამდენიმე მოდელი იხილება. "ალბათ, უახლოეს პერიოდში იქნება მეტი კონკრენტიზაცია თვითონ აჭარის ხელმძღვანელობის მხრიდან", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.