დიმიტრი ქუმსიშვილი: ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე არანაირი ყაზახური ინვესტიციის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზე არანაირ ყაზახური ინვესტიციის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყაზახეთის ეკონომიკის მინისტრთან ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდა. "ჩვენ კიდევ ერთხელ განვაახლეთ ის ინფორმაცია, რაც ჰქონდა მას და რაც მქონდა მე. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ყაზახური ინვესტიციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ქვეყანაში და მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ ყაზახური ინვესტიციების შემოსვლას", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ყაზახურ ინვესტიციებთან დაკავშირებით. "შევთანხმდით, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საბოლოოდ დაამუშავებს ყაზახურ ინვესტიციებთან დაკავშირებით ყველა ახალ შესაძლებლობას. ვიმედოვნებთ, წლის ბოლომდე ვნახავთ უფრო მეტ და მეტ ახალ ყაზახურ ინვესტიციას. შეხვედრაზე არანაირი ინვესტიციის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა. შევთანხმდით, რომ უნდა მოვძებნოთ ახალი ყაზახური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებობა და რა თქმა უნდა, ამის წინაპირობა უნდა იყოს ყაზახური ინვესტიციების დაცვის შესაძლებლობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.