სამინისტროს განმარტებით, რიკოთზე ახალი ჩქაროსნული გზა ფასიანი შესაძლოა, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში გახდეს

რიკოთის უღელტეხილზე ახალი ჩქაროსნული გზა ფასიანი შესაძლოა, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში გახდეს. ამის შესახებ განმარტება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გაკეთდა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ახალი ჩქაროსნული გზატკეცილი შესაძლოა ფასიანი გახდეს, მხოლოდ ალტერნატიული გზის არსებობის შემთხვევაში. მათივე ინფრომაციით, ფასიანი გზის მშენებლობის შედეგად შესაძლებელი გახდება არსებული გზის განტვირთვა და სატრანზიტო მიმოსვლის გაუმჯობესება, რაც ქვეყანას შემოსავალს მოუტანს.

ახალი ჩქაროსნული გზის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი დღეს გააკეთა. "განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს საზოგადოებისთვის არაერთხელ მითქვამს, რიკოთის უღელტეხილის საკითხის გადაწყვეტა. თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე. 30-დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში, ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციის ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.