ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი იანგს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის (ADB) მმართველი, ნოდარ ხადური აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვენჩაი იანგს შეხვდა, რომელიც თბილისს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში ეწვია.

"აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ერთ-ერთი სტრატეგიული პარტნიორია. მნიშვნელოვანია, რომ დღეს თბილისში იმყოფება ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვენჩაი იანგი. ADB-ს უდიდესი საინვესტიციო პროექტები აქვს საქართველოში, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. შეხვედრაზე მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა გზები, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, კაპიტალის ბაზრის განვითარება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა სამინსტროს ინფორმაციით, სამინისტროსთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ADB მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ყველა მიმართულებით, მათ შორის, ტექნიკური დახმარებისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მან ასევე მაღალი შეფასება მისცა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს და იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით იმუშავებს და ბიძგს მისცემს, რათა სრულად იქნას გამოყენებული აბრეშუმის გზის შესაძლებლობები და პოტენციალი.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრო აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალი.