სლოვენიასა და საქართველოს შორის სახმელეთო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

სლოვენიასა და საქართველოს შორის სახმელეთო ტრანსპორტის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. აღნიშნულ შეთანხმებას ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხოლო სლოვენიის მხრიდან სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის მინისტრმა პიტერ გაშპერშიჩმა. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენი სატრანსპორტო საშუალებები გაცილებით უფრო უსაფრთხოდ გადაადგილდებიან სლოვენიის ტერიტორიის გავლით.  "ზოგადად, სლოვენია არის ძალიან საინტერესო ქვეყანა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელიც არსებობს. ჩვენ ვისაუბრეთ ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებზე, პირდაპირი ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზეც, გარდა იმისა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის ნაწილში მათი და ჩვენი გადამზიდავები შეძლებენ უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გადაადგილდნენ საქართველოს და სლოვენიის ტერიტორიების გავლით", - განაცხადა დიმიტირ ქუმსიშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ამ ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დღის განმავლობაში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ყველა შეხვედრა არის ძალიან კონკრეტული. "ყველა შეხვედრა არის შედეგის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც უნდა მოჰყვეს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და დამატებითი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა", - განაცხადა ქუმსიშვილმა.