"მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალი გააცნო

სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში ევროპისა და აზიის სამთო კურორტების რიგით მე-2 კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით ტარდება. კონფერენციაში 500 მდე დელეგატი მონაწილეობს, მათ შორის არის საქართველოს დელეგაციაც.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა მონაწილეებს გააცნო საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის, გოდერძის) პოტენციალი, სახელმწიფოს როლი სათხილამურო კურორტების განვითარებაში და ისაუბრა საინვესტიციო გარემოზე.  კონფერენციაზე იმყოფება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელიც დაესწრო გახსნის ცერემონიალს და შეხვდრები გამართა მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ტალებ რიფაისთან, ასევე სამხრეთ კორეის ტურიზმის მინისტრთან ბატონ ჩხვე გვანციკთან.

დელეგაციის წევრია საქართველოს "რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის" დირექტორი ლევან ყარალაშვილი, რომელმაც საქმიანი შეხვედრები გამართა საერთაშორისო დონის ექსპერტებთან.  მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მხარემ უფლება მოიპოვა 2017 წელს უმასპინძლოს რიგით მე-3 ევროპისა და აზიის სამთო კურორტების კონფერენციას საქართველოში. კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარების კუთხით – თუ როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მოსაზიდად ბიზნესის ამ სფეროში.

ინფორმაციას შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანია" ავრცელებს.