"ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს"

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი მიიჩნევს, რომ "ყაზტრანსგაზთან" დაკავშირებული საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ ელოშვილმა ყაზახეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრის, ერბოლატ დოსაევის იმ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანახმადაც, "ყაზტრანსგაზ თბილისის" საკითხზე ყაზახეთსა და საქართველოს შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ყაზახეთი საქართველოს მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. "გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ინვესტიციები, მათი ურთიერთობა ჩვენთან არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის. ჩემი აზრით და ზოგადად, სწორი მიმართულებაა ის, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და არა სხვადასხვა არბიტრაჟებში", - აღნიშნა ელოშვილმა. მისივე თქმით, ძალიან კარგია, რომ ეს ჯგუფი იქმნება. "დარწმუნებული ვარ, რომ იმ პარტნიორული ურთიერთობიდან გამომდინარე, ჩვენ ერთ კომპანიას არ გადავაყოლებთ ამ ურთიერთობას და აუცილებლად მოვძებნით ისეთ ფორმატს, ისეთ გზას, რომ ორივე მხარე არ დარჩეს წაგებული და მაქსიმალურად სამართლიანად იყოს გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება იმ დავალიანებას, რომელიც კომპანია "ყაზტრანსგაზს" გააჩნია საქართველოსთან მიმართებაში, ილია ელოშვილმა აღნიშნა, რომ "გარკვეულ ეტაპზე ეს მოლაპარაკებები თითქოს გაჩერდა".  "ერთი პერიოდი იყო, რომ გადაწყვეტილებამდე ვიყავით მისულები. თუმცა, მერე სამწუხაროდ, გარკვეული პრობლემები შეიქმნა. რამდენადაც ვიცი, თითქოსდა ეს მოლაპარაკებები გაიყინა, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ეს ჯგუფები შეიქმნა და ჩვენ აუცილებლად მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტნიორული სულისკვეთების ფონზე უნდა გადავწყვიტოთ ნებისმიერი პრობლემა "ყაზტრანსგაზის საკითხზე", - განაცხადა ილია ელოშვილმა.