"ოუფენ ნეტი" საქართველოში მოქმედ 100-მდე ოპერატორთან სამუშაო შეხვედრას გამართავს

სასტუმრო ,,ვერე პალასში" დღეს, საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტთან დაკავშირებით, "ოუფენ ნეტი" საქართველოში მოქმედ 100-მდე ოპერატორთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონების ინტერნეტით დაფარვის გაზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს და პროექტის ეფექტურად განხორციელებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბაზაზე "ოუფენ ნეტი" დარეგისტრირდა.  საკონსულტაციო მომსახურებების შესყიდვის მიზნით წინასწარი შეფასება და ბაზრის შესწავლა ჩატარდა. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იყო ხუთი წამყვანი საკონსულტაციო ორგანიზაცია, რომლებმაც წარმოადგინეს წინასწარი წინადადება და წინასწარი საბიუჯეტო შეფასება. საუკეთესო კომპანიად, როგორც გამოცდილების, აგრეთვე შემოთავაზებული ფასის მიხედვით, შეირჩა "დოიჩე ტელეკომის" ჯგუფის წევრი საკონსულტაციო კომპანია "დეტეკონი", რომელსაც მსგავსი პროექტების განხორციელების 30-წლიანი გამოცდილება აქვს. განხორციელებული სამუშაოების შედეგად მოხდება საყოველთაო ინტერნეტიზაციის ისეთი მოდელის შერჩევა, რომლითაც შესაძლებელი იქნება, განსაზღვრული ბიუჯეტით, მაქსიმალურად მეტი დასახლებული პუნქტის დაფარვა, რათა ადგილობრივ მომხმარებელს თანამედროვე ინტერნეტ-მომსახურება გაეწიოს.

საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება. მის ფარგლებში სათანადო ინფრასტრუქტურით 2000-მდე დასახლებული პუნქტი დაიფარება. პროექტის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს არადისკრიმინაციულად ექნება საშუალება, თავისი სერვისი მიაწოდოს 2000-მდე დასახლებული პუნქტის მაცხოვრებლებს. ასევე, ახალ ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა.