ევროკავშირი და თურქეთი მიგრაციის კრიზისის მოგვარების ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირი და თურქეთი, მიგრაციის კრიზისის მოგვარებისკენ მიმართულ მოქმედებათა ერთობლივ გეგმაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც "დოიჩე ველე" იტყობინება, რვასაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენ მიმართული მოლაპარაკებების დაჩქარება. იუნკერის თქმით, აღნიშნული საკითხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეძლებს ანკარა მიგრანტების ნაკადის შეჩერებას.

ევროკომისიის ხელმძღვანელის თქმით, მხარეები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს თურქეთისთვის 3 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაწევაზეც.  "ბიბისი" წერს, რომ უახლოეს დღეებში თურქეთს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. სამიტის მონაწილეებმა ასევე პირობა დადეს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების განხილვას აღარ გადადებენ. ამასთანავე, სამიტის მონაწილეები ვერ შეთანხმდნენ, თუ რა პრინციპით უნდა ხდებოდეს ლტოლვილთა გადანაწილება ევროკავშირის შიგნით.

წელს ევროკავშირმა 600 000-მდე მიგრანტი მიიღო. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, მათი უმრავლესობა ევროპაში თურქეთის გავლით ჩადის. თურქეთში კი მიგრანტთა რაოდენობა 2 მილიონს აღწევს.