"ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას"

ჩემი მთავრობის მიზანია, საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე - აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს. "ჩემი მთავრობის მიზანია საქართველოს გადაქცევა აყვავებულ ქვეყნად, რომელიც გონივრულად იყენებს თავის მდებარეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. სწორედ ეს იყო ყოველთვის საქართველოს როლი მსოფლიოში: რეგიონალური ცენტრი, ადგილი, სადაც გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობებია. როგორც ევროპის აღმოსავლეთით მდებარე უკიდურესი საზღვაო და სახმელეთო კარიბჭე, საქართველო იდეალურად უზრუნველყოფს აზიისკენ მიმავალ მარშრუტს. დღეს თქვენ მოუსმენთ საქართველოს მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებსა და ბიზნესლიდერებს, რომლებიც გაგაცნობენ საქართველოსა და მთლიანად რეგიონში არსებულ ბიზნესშესაძლებლობებს.  გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ დაწვრილებით განიხილავთ ერთმანეთთან თანამშრომლობის გზებს. მოგიწოდებთ მონაწილეობისკენ ბიზნესებს შორის დაგეგმილ სხვადახვა ღონისძიებაში, რომელთა მოსაწყობად ჩვენმა ეკონომიკის სამინისტრომ ძალ-ღონე არ დაიშურა", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ფორუმის მონაწილეებს თბილისში სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. "გულწრფელად მივესალმები სადისკუსიო ჯგუფის ყველა წევრსა და მომხსენებელს. მადლობას მოვახსენებ პირადად ბატონ შუქრატ ზაქირს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან უიგურის ავტონომიური რეგიონის გუბერნატორს.  როგორც ჩინეთის დასავლეთით მდებარე უკიდურესი კარიბჭე ცენტრალური აზიისა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სინძიანი ბუნებრივად არის საქართველოს პარტნიორი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცების საქმეში. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი აქ ყოფნა. მადლობას მოვახსენებ თქვენს მთავრობებს ამ ფორუმის მხარდაჭერისთვის. ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობს ჩინეთის 200 ბიზნესმენი, რაც ცხადყოფს, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება ჩინეთი აბრეშუმის გზის განვითარებას და თუ რამდენის შეთავაზება შეუძლია საქართველოს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.