შიდა ქართლში გლეხებს საჭმელი ვაშლიც კი არ აქვთ

შიდა ქართლში ვაშლის კრეფის სეზონი უვაშლოდ დაიწყო. გაზაფხულზე გორის სოფლებში ბაღების ნაწილი სეტყვამ გაანადგურა, შიდა ქართლის სხვა რაიონებში კი მოსავალი, ფაქტობრივად, არ მოვიდა. გლეხები მცენარეთა მოვლის უხარისხო საშუალებების გამოც ჩივიან და ითხოვენ, რომ მთავრობამ ამ საკითხს ყურადღება მიაქციოს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, წელს სახელმწიფომ საწარმოო ვაშლის სუბსიდირება შეწყვიტა. დეფიციტის გამო ხილის ფასი ისედაც გაიზარდა, ამიტომ სუბსიდირება აღარ გახდა საჭირო. "შარშანდელთან შედარებით, წელს ვაშლის ფასი გაცილებით დიდია, 2 ლარის ფარგლებშია, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე შარშან. ასევე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ წელს კონცენტრატის ფასიც გაორმაგებულია. სამრეწველო ვაშლის სუბსიდირება არ იყო აუცილებელი, რადგან ფასი ისედაც 9-10 თეთრია", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.

ქარელის რაიონის სოფელ ბერძენაულში მცხოვრები ნუკრი მარგველაშვილი ამბობს, რომ საშუალო ხარისხის 1 კგ ვაშლი 1 ლარი ღირს. რეალიზაციის პრობლემა არ არის, ვინაიდან წელს მოსავალი ძალიან მცირეა.

"თუ წინა წლებში 600-700 ყუთ ვაშლს ვკრეფდი, წელს 30-40 ყუთის მოკრეფაც გაჭირდება. ასეთი მცირე მოსავალი არასდროს ყოფილა. ნაწილი ხაშურის ბაზარში ჩავაბარე 1 ლარად. ფასი შედარებით კარგია, მაგრამ ვაშლი არ არის. მეზობლებს საკუთარი ოჯახისთვისაც კი არ აქვთ ხილი. აგარის ქარხანა უხარისხო ვაშლს რომ იბარებდა, ისიც კი სანატრელია. დიდ პრობლემას გვიქმნის მცენარეთა მოვლის საშუალებები. ხომ შეიძლება ამ საკითხს ვინმემ ყურადღება მიაქციოს. გამოიკვლიონ სპეციალისტებმა, ის წამლები, რომელიც საქართველოში შემოდის, არის თუ არა ჩვენი ჰავისთვის და მცენარეებისთვის მისაღები. პრეპარატებს აწერია, რომ გამოიყენება იმ კონკრეტული დაავადებისთვის, რომელიც ხილს უჩნდება. ვყიდულობთ, ამდენ ფულს ვიხდით და საბოლოოდ უარეს შედეგს ვიღებთ, ვიდრე ეს დაავადება მოგვცემდა", - ამბობს ნუკრი მარგველაშვილი.

გორის რაიონის სოფელ ბობნებში მცხოვრები ლევან ქერდიყოშვილი ამბობს, რომ სეტყვამ ვაშლის ბაღი საერთოდ გაუნადგურა. ქერდიყოშვილების ოჯახი, ძირითადად, ვაშლის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობს. ახლა კი საერთოდ ცარიელი დარჩა. "17-20 ტონამდე ვაშლს ვკრეფდი, მაგრამ გაზაფხულზე ისეთი სეტყვა მოვიდა, ყველაფერი მიწასთან გაასწორა. ხილი საერთოდ აღარ გვაქვს. სახლისთვის 1 კილოგრამი რომ მოვკრიფო, ისიც კი არ არის. არა მარტო ნაყოფი, მცენარეც კი დაზიანდა. გვეგონა, მთავრობა ჩვენც მოგვაქცევდა ყურადღებას, მაგრამ არავინ ყურად არ იღო. ყოველთვის მთელი ყურადღება კახეთზეა გადატანილი. კახეთში სეტყვას ასე პირწმინდად რომ გაენადგურებინა მოსავალი, მთელი მთავრობის განხილვის საგანი გახდებოდა და გლეხებს კომპენსაციასაც დაურიგებდნენ. ჩვენ ყურადღება იმიტომ არავინ მოგვაქცია, რომ გზები არ გადავკეტეთ და მთავრობას პრობლემა არ შევუქმენით. საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩით. ისე მაინც მოსულიყო ვინმე და მდგომარეობა შეეფასებინა", - ამბობს ლევან ქერდიყოშვილი.

გორის რაიონის სოფელ ყექცეულში მცხოვრები მარიამ გამგებელი ასევე მცირე მოსავლისა და მცენარეთა მოვლის უხარისხო საშუალებების გამო წუხს. "ასეთი მცირე მოსავალი არასდროს ყოფილა. ამიტომაც წელს ვაშლს კარგი ფასი აქვს. კილოგრამი 1 ლარამდეა. სამაგიეროდ, ჩასაბარებელი არაფერი გვაქვს. წარმოუდგენელი პრობლემაა მცენარეთა მოვლის საშუალებები. შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე ბევრ ფულს სწორედ ამისთვის ვხარჯავთ. არანაირი ეფექტი არ აქვს, მგონი, უბრალო ფხვნილია. გული მაინც არ მითმენს და ვყიდულობ. მაგალითად, გამოვიკვლიე, რომელი პრეპარატი უნდა მეყიდა, რომელი ქვეყნის წარმოებული იქნებოდა ყველაზე ეფექტური. გადავიხადე საკმაოდ ძვირი, შედეგი კი იყო ნული. მოსავალი ისედაც მცირეა და რაც მოვიდა, ისიც ჭიანია. იქნებ დაგვეხმაროთ და ამ საკითხს მაინც მიაქციოს ვინმემ ყურადღება", - ამბობს მარიამ გამგებელი.

წელს შიდა ქართლელ გლეხებს არ გაუმართლათ, მოუსავლიან წელს სტიქიაც დაემთხვა და მეხილეები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე დარჩნენ. რაც შეეხება მცენარეთა მოვლის საშუალებებს, ეს პრობლემა არახალია, უკვე წლებია გლეხები ხელისუფლებას დახმარებას და ამ საკითხის შესწავლას სთხოვენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა უნდა გამოიკვლიოს ახალი დაავადებები და იმპორტიორებს შესაბამისი პრეპარატების შემოტანის რეკომენდაცია მისცეს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"